პრესრელიზი: 09.10.2015
შაბათს, 10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს საფუძველი ჩაეყრება ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას საქართველოში.
მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია 12:00 საათზე, სოფელ დიღომში (თეთრ სახლებთან), ჰოსპისის მშენელობის ადგილზე გაიმართება.
ამ სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოა”, რომელსაც ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორი და ნიკოლოზ გამყრელიძე ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალური დირექტორი გახსნიან. მისალმების შემდეგ, გამომსვლელები ჰოსპისის საძირკველში მემორიალურ კაფსულას მოათავსებენ.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.
ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.
###
რა არის ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამსუბუქებს ტკივილს და ემოციურ გადატვირთვას, რომლებიც ბავშვს და მის ოჯახს ერთნაირად ურთულებს მძიმე დაავადებასთან შეგუებას და ბრძოლას.
ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან. „ოცნებების სახლი”, „მსოფლიო რუკა”, „ვარსკვლავებზე ნადირობა”, „ცისარტყელის მიღმა”, „იმედის სახლი” ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა ჰოსპისები.
ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის, მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”. ფონდის მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის- ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში.
###
კონტაქტები პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge
გიორგი ნიორაძე, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, მობ: 577 31 38 39 , ელ.ფოსტა: giorginioradze@evex.ge www.evex.ge