ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აგვისტოს ომის დროს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიებას იწყებს

15.10.2015

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა [Fatou Bensouda] 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გამოძიება რამდენიმე წყაროს ეყრდნობა. მათ შორის ერთ-ერთი 2010 წელს გამოცემული ანგარიშია, რომელშიც საუბარია „2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ“. ანგარიშში თავმოყრილი და გაანალიზებულია კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების ამსახველი დოკუმენტური მასალა. მოცემულია 1055 დევნილის ჩვენება.

ამ ანგარიშს 2009 წელს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მაშინდელი პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო და მისი გუნდი გაეცნენ და დოკუმენტი ოფიციალურად მიიღეს. ანგარიშთან ერთად სამართლოში გადაიგზავნა სტატისტიკური ანალიზი და ყველა ის სამუშაო მასალა, რომელიც ანგარიშს ედო საფუძველად.

ანგარიში, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. ანგარიშის მომზადებაში დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

ანგარიშის პრეზენტაცია 2010 წლის 5 მაისს თბილისში გაიმართა.

ნახეთ ანგარიში სრულად.

მედია ამ თემაზე.