ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ძეგლები ერთ კატალოგში

19.11.2015

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად გამოსცა პუბლიკაცია ტაო კლარჯეთის ძეგლების შესახებ.

პროექტზე „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი” მუშაობა ორგანიზაციამ 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.  პროექტი გულისხმობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში 1000-ზე მეტი ისტორიულად ქართული სოფლის და მისი შემოგარენის შესწავლას, იქ არსებული ჩვენთვის ცნობილი თუ აქამდე უცნობი ქართული კულტურის ძეგლების მოკვლევას, მათი თანამედროვე მდგომარეობის დაფიქსირებას, ძეგლების შესახებ ისტორიული წყაროების დამუშავებას, ისტორიული ტოპონიმების დაზუსტებას, GPS კოორდინატების აღებას და ფოტო-ვიდეო ფიქსაციას.

2015 წლის 14 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ – მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მოეწყო საქართველოს უნივერსიტეტების სამეცნიერო პროექტების წარდგენა. კავკასიის უნივერსიტეტმა წარმოადგინა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით: ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი”. მოეწყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული ,,ტაო-კლარჯეთის 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების” მეორე, ფერადი გამოცემის პრეზენტაცია. პრეზენტაციის პირველი ნაწილი დაეთმო ტაო-კლარჯეთის კვლევის პრობლემატიკის მიმოხილვას, ასევე პროექტის ფარგლებში მიკვლეულ სიახლეებს და სამომავლო პერსპექტივებს. საუბარი შეეხო 2014 წლის ექსპედიციების ანგარიშებს და მიღწეულ შედეგებს.