ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის პერსპექტივაზე, გამოწვევებზე და სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს დღეს [7 დეკემბერი] გამართულ კონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მრგვალი მაგიდა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარდა. კოალიცია ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კონფერენციის ორგანიზატორთა თქმით, განვითარების შეფერხების ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით, რაც გულისხმობს დროულ ჩარევას ბავშვის განვითარების პროცესში და ეხმარება ოჯახს.
2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.
ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 6 წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით კი მხოლოდ 495 ბავშვის მომსახურება ხერხდება.
კონფერენციის ორგანიზატორმა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.
ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ კონფერენციაზე მოთხოვნაც გაავრცელა, რომელიც დღეს არსებული სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. “აუცილებლად მიგვაჩნია, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი ადრეული ინტერვენციის სისტემის შექმნა იქცეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად. გაზიარებული უნდა იყოს კოალიციის მიერ მომზადებული ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებლი გახდება 2020 წლისთვის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი,” –ნათქვამია მიმართვაში.
ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის წევრები არიან:
საქართველოს ა. ლაჭყეპიანის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია , ნეიროგანვითარების ცენტრი, საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, აბილიტაციის და განვითარების ცენტრი ბათუმში, ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის ქუთაისში, პირველი ნაბიჯი საქართველო, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისი“, ექიმები ადამიანის უფლებებისთვის, რეგისტრირებული კავშირი “საქართველოს ბავშვები”, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია თელავში, კოალიცია”სოციალური რეფორმებისათვის” ფოთში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი.
###
ბავშვთა განვითარების და ადრეულ ეტაპზე ჩარევის შესახებ საქართველოში
განვითარების შეფერხება არ გულისხმობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოხატულ იქნას კომუნიკაციური უნარის ან მეტყველების პრობლემით, ასოციალურობით, ყურადღების დეფიციტით და სხვა ქცევითი დარღვევით. განვითარების შეფერხების დადგენა ხდება სხვადასხვა გამოკვლევით, რომლის შემდეგ ბავშვი ადრეულ ჩარევას საჭიროებს. ადრეული ჩარევის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი ან ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს განვითარების შეფერხებას.
ბავშვთან და მის ოჯახთან მომუშავე გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 3 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი 7 წლის ასაკამდეა ეფექტური.
ადრეული ჩარევა არ გულისხმობს ბავშვთა რეაბილიტაციას. იგი მორგებულია ოჯახის საჭიროებებზე. ადრეული განვითარების პროგრამა ოჯახთან მუშაობის გარდა ითვალისწინებს ბავშვებთან მუშაობის და განვითარების მეთოდების დანერგვას საბავშვო ბაღებში.