კოალიციის მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით

15.01.2016

14 იანვარი, 2016
კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” „ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. ტაბულას წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი მოხდა 2016 წლის 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე რესტორან ჭაშნაგირში. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად „ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას” ასახელებდნენ. რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა შეძლო მოკლე ვიდეოს გადაღებაც, სადაც ჩანს გარკვეული არეულობა რესტორნის შიგნით.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას გამოძიების მოთხოვნით. შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემის დანაშაულს. თუმცა, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს საფუძველს, რომ საქმის დაკვალიფიცირება მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ხულიგნობის დანაშაულს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაბულას წარმომადგენელი დაუკავშირდა შსს-ს საიდანაც მას აცნობეს, რომ არანაირი სიახლე არ არის გამოძიების პროცესში. უცნობია ამ დროისთვის დაიკითხა თუ არა თვითმხილველები და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადება, სადაც ის უარყოფს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. როგორც აღინიშნა, დაზარალებულებმა თავდასხმის მოტივად სწორედ ტაბულას საქმიანობა მიუთითეს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა მიმართული იყო სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ.

კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი და სამართალდამცავები ხშირად არ რეაგირებებენ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობასთან ბრძოლა

და მედიისთვის თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობიდან, არამედ აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო დოკუმენტიდან (გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები და რეკომენდაციები).

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ სხვა ფაქტზე. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია. მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, მხოლოდ ფაქტების სწორად შეფასების შედეგად დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები და არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა გამოძიების ობიექტურად და ეფექტურად წარმართვაზე.

კოალიცია კვლავ განაგრძობს აღნიშნული ინციდენტის აქტიურ შესწავლას და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრები: