დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოქვეყნდა

10.02.2016

 

დღეს, 10 თებერვალს ფონდმა  „ღია საზოგადოება საქართველომ“ კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დაკავებულთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

ამ პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა  2014-2015 წლებში დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციები შეიმუშავეს. ექსპერტთა ჯგუფი 1 თვის განმავლობაში აკვირდებოდა  პოლიციის სამ დაწესებულებას თბილისში, ქუთაისსა და თელავში, მომდევნო 1 თვე კი პროცესის მონიტორინგს და პოლიციელთა და ადვოკატთა გამოკითხვას დაეთმო. პარალელურად ჩატარდა არსებული საჯარო ინფორმაციისა და კანონმდებლობის ანალიზი.

პოლიციის სამ დაწესებულებაში ორ თვიანი მონიტორინგის განხორციელების უფლება მკვლევარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიეცათ.

ანალოგიური კვლევა ღია საზოგადოების ფონდებმა მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩაატარეს. 10 თებერვლის ღონისძიებაზე საქართველოს ანგარიშის პარალელურად, მოლდოვისა და უკრაინის ანგარიშების მცირე პრეზენტაციაც გაიამრთება, რაც სამივე ქვეყანაში არსებული სიტუაციის შედარების საშუალებას იძლევა. “გამომდინარე იქიდან, რომ ეს კვლევა სამ ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობდა მისი სათაურისთვის გამოვიყენეთ ტერმინი – „ეჭვმიტანილი“, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მას აღარ იცნობს და ყველა სტადიისთვის ერთიან ტერმინს – „ბრალდებულს“ იყენებს.”ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი საკითხები:

· დაკავების სტანდარტები ანუ ის საკითხი, თუ რამდენად ხდება პროცედურის დაცვა დამკავებელი ორგანოს მიერ. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვლინდა პრაქტიკა, როცა პირთა პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანა ხდებოდა „გასაუბრების” მიზნით და შემდგომ რამდენიმე საათის ინტერვალში ეცნობებოდათ, რომ დაკავებულები იყვნენ;

· თარჯიმნისა და თარგმანზე ხელმისაწვდომობის უფლების პრაქტიკული განხორციელების საკითხი. ამ საკითხის გაანალიზებისას გამოვლინდა მრავალი ხარვეზი, მათ შორის თარგმანის ხარვეზიანობის კუთხით, რის გამოც მრავალ ბრალდებულს არ შეეძლო პროცესში სრულყოფილი მონაწილეობა;

· დაკავებულთა მიერ, იურიდიული დახმარებით სარგებლობა. შესწავლილ მრავალ საქმეში გამოიკვეთა, რომ ბრალდებულები არ სარგებლობენ პირველადი დაკითხვისას ადვოკატის მომსახურებით, რაც ართულებდა შემდგომში დაცვის უფლებით სარგებლობას და მრავალი პროცედურული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელი ხდებოდა. ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას იურიდიული დახმარების განხორციელების ჯეროვანი ახლებური გეგმა დაკავების პირველი სათებისთვის (იქნება ეს სატელეფონო კონსულტაცია, თუ ნებისმიერი სხვა).

· ინფორმაციის მიღების უფლება – ანუ საკითხი, თუ რამდენად ჯეროვნად ხდება უფლებების განმარტება სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავების განხორციელების დროს;

· დუმილის უფლების პრაქტიკული განხორციელება;

· დაკავებულთა სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლების პრაქტიკული იმპლემენტაცია;

· მოწყვლადი ჯგუფების (მაგალითად, არასრულწლოვნები, შშმ პირები და სხვა) წარმომადგენლების დაკავების დროს პროცედურების ჯეროვნად განხორციელება;

ყველა ზემოაღნიშნული საკითხი გაანალიზებულია პრაქტიკულ და საკანონმდებლო დონეზე, რის შემდეგაც შესაბამისი კონკრეტული რეკომენდაციები და პრობლემების გადაჭრის გზებია შემოთავაზებული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის.

ნახეთ ანგარიში  “ეჭვმიტანილთა საპროცესო უფლებები საქართველოში”.

მედია ამ თემაზე:

იმედის პირდაპირი ჩართვა- ‘ქრონიკა’ 11 საათზე.

“ღია საზოგადოება – საქართველო” – დაკავებული პირების მიყვანა იზოლატორების ნაცვლად ხდება პოლიციის დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია- ინტერპრესნიუსი, 10 თებერვალი, 11:14 სთ

გიორგი ბურჯანაძე, ფონდის ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი კვლევის შედეგებზე რადიო ‘თავისუფლების’ ეთერში. 

გიორგი ბურჯანაძე, ფონდის ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი კვლევის შედეგებზე პირველი არხის ეთერში.