უსინათლო ადამიანები 400-მდე ხმოვან წიგნს უფასოდ მიიღებენ
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით პირველი ქართული ხმოვანი წიგნების შექმნას იწყებს. რამდენიმე თვეში უსინთლო ადამიანები „საბასგან“ საჩუქრად მიიღებენ ასობით ხმოვან წიგნს, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული მათზე, რაც ნიშნავს რომ უსინათლოები ამ წიგნის „მოსმენას“ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ამასთან, „საბას“ ხმოვანი წიგნები იქნება უფასო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის saba.com.ge-ზე.
ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, სრულყოფილი ხმოვანი წიგნები, რომლებიც შეესაბამება აუდიოწიგნების თანამედროვე სტანდარტებს. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader.
ხმოვან წიგნს ექნება სარჩევი, დაპაუზების, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა…
„საბა“ სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ ან უკვე გააჩნიათ წიგნების აუდიო ჩანაწერები, „საბას“ ამ ახალი პლატფორმის მეშვეობით გადაქციონ თავისი აუდიო მასალა ხმოვან წიგნებად და გახადონ ის ხელმისაწვდომი ყველა მკითხველისთვის.
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები, აუდიოფაილების სახით, მრავლადაა განთავსებული ინტერნეტში, დაცულია ფონდებსა და არქივებში… „საბას“ მაღალტექნოლოგიური პლატფორმა შესაძლებელს გახდის, ნებისმიერი ლიტერატურული აუდიოჩანაწერი, ძველი თუ ახალი, გადაიქცეს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ხმოვან წიგნად.
იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანებმა სხვის დაუხმარებლად, კომფორტულად შეძლონ „საბას“ ხმოვანი წიგნების ჩამოტვირთვა და მოსმენა, „საბას“ აპლიკაცია ადაპტირებული იქნება უსინათლოთა დამხმარე სპეციალურ პროგრამასთან.
პირველი ხმოვანი წიგნების პროექტის პრეზენტაციაზე ქართველმა პოეტებმა ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს და ადგილზე ჩაწერეს.
მედია ამ თემაზე:
ხმოვანი წიგნები უსინათლოებისთვის- სოციალური პროექტი სექტემბრიდან 400-მდე წიგნით– ლიბერალი