პანკისის ხეობის მოსახლეობასთან პაციენტის უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართა

22.04.2016

20 აპრილს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან პაციენტის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები პროექტის “პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი” ფარგლებში “საქართველოს ბიოეთიკის ასოციაციამ” ჩაატარა. პროექტი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია პაციენტის უფლებების შესახებ; რა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის უფლებების არცოდნამ; როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი მისი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა; რა მექანიზმები არსებობს უფლებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისთვის და ა.შ.

“პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის” წარმომადგენლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეტალებზეც ისაუბრეს; კერძოდ, რა ტიპის შეღავათების მიღება შეუძლია მოქალაქეთა ამა თუ იმ ჯგუფს; როგორ ხდება სხვადასხვა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში ჩართვა და ოპერაციების დაფინანსება.

ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ დისკურიაში ჩაერთო. მათი თქმით, ადგილობრივების დიდმა ნაწილმა არ იცის როგორ უნდა ისარგებლონ სახელმწიფო შეღავათებით. ასევე, აღინიშნა მოქალაქის სამედიცინო და სოციალური უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, რომლებზეც “პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი”  უმოკლეს ვადაში მოახდენს რეაგირებას.

ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით,  ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა სოფელ დუისის მოსახლეობას ინდივიდუალური კონსულტაციებიც გაუწიეს ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის სფეროში.

 

“პაციენტის უფლებების კვირეული” მარტში სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო. მომდევნო თვეებში მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.