საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები

05.08.2016

პრესრელიზი

თარიღი 05.08.2016

5 აგვისტოს, ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქარველოსთვის”(WEG), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და აშშ განვითარების სააგენტოს G4G პროგრამის მონაწილეობით, ჩაატარა წარმომადგენლობითი ენერგეტიკული კონფერენცია, სადაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დონორული სააგენტოების და დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და ენერგეტიკის სპეციალისტების მონაწილეობით შეაფასეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პერიოდში იმ მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, რაც პოლიტიკური მოთამაშეების ყურადღებას და აქტიურ ქმედებებს საჭიროებს. აღინიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ინფრასტრუქტურული წარმატებებისა, ენერგეტიკის მართვის სისტემა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა, ძირითადად, ხდება სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო გარანტიებით, რაც არაეფექტურია და ტვირთად აწვება ბიუჯეტს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომაც გრძელდება ისეთი ხელშეკრულებისა და მემორამდუმების დადება, რომლებიც ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის და ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებს. 120-ზე მეტი ჰიროსადგურის მშენებლობაზე დადებული შეთანხმებების პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისგან — ერთი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის გაყიდვის ტარიფი 4.3 დან 10.5 აშშ ცენტამდე მერყეობს, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი კი -3 თვიდან ერთ წლამზე, განსხვავებულია ასევე საექსპორტო ხააზზე დაშვების პირობები. მსგავსი შერჩევით მიდგომა მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს.

კვალიფიციური სტრატეგიის არარსებობის და გაუმჭვირვალე გარემოს პირობებში, მცდარი გადაწყვეტილებების და გარე ზეგავლენების საფრთხეები განსაკუთრებით მძაფრდება წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში. ანალიტიკური ცენტრის, „მსოფლიო გამოცდიელბა საქართველოსთვის” დირექტორის, მურმან მარგველაშვილის თქმით, „სანამ მოხდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სექტორის რეფორმა და ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა, საჭიროა დაწესდეს სახელმწიფო საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი იმისთვის, რომ ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და საშინაო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებმა არ გამოიწვიოს სექტორის შემდგომი დაშორება საუკეთესო პრაქტიკიდან. მიგვაჩნია, რომ წინასააარჩევნო პერიოდში კვალიფიციური დებატების პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია, რათა ავირიდოთ ამ პერიოდისთვის ჩვეული პოპულიზმი და ხელი შევუწყოთ არჩეული ხელისუფლების მიერ უფრო კვალიფიციური ენერგეტიკული პოლიტიკის წარმართვას”.

WEG მზად არის ითანამშრომლოს პოლიტიკურ პარტიებთან და დაეხმაროს მათ ენერგეტიკული პროგრამების შემუშავებაში რაც, ჯერჯერობით, მათი ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით: „შესაფერისი დროა იმისთვის, რომ შეფასდეს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობა და დაისახოს ნაბიჯები მისი ევროპულ სტანდარტებთან ეტაპობრივად დასაახლოვებლად, როგორც ამას ასოცირების შეთანხმება და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება მოითხოვს”

ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის სრულად დანერგვას და განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება. მანამდე კი კვლავ იმოქმედებს დღეს არსებული წინააღმდეგობრივივი საკანონმდებლო და სახელშეკურლებლო სისტემა. არსებული პრაქტიკის გაგრძელება დამატებით ბარიერებს შეუქმნის რეფორმებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ასოცირების მთელ პროცესს, ამიტომ საჭიროა რეფორმების განხორციელების დაწყება და რეფორმების მონიტორინგის ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბება სამთავრობო-არასამთავრობო, საპარლამენტო და დონორული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

საკონტაქტო პირი:

თუთანა კვარაცხელია
E-mail: t.kvaratskhelia@weg.ge

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2006 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ენერგეტიკის და მდგრადი განვთარების სფეროში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებით, ხელი შეუწყს საქართველოს დემოკრატიული განვითარებას და ევროპული სტანდარტებთან დაახლოებას. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი ფორმაა ამ მიმართულებების კვლევა, ანალიზი, შესაბამისი ცოდნის გავრცელება და ადვოკატირება.