ფემიციდი- დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება

14.12.2016

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა. ქალების და გოგონების გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების კონცეფცია დაკავშირებულია მათ წინააღმდეგ მიმართული სტრუქტურული დისკრიმინაციის სისტემასთან.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება, საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები და სიმძაფრე. 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. აქედან, 14 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი.

15 დეკემბერს, კავშირი “საფარმა” ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება ფემიციდისა და სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ: ფემიციდთან და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის მომზადება, რაც საქართველოში მოქმედ შესაბამის უწყებებს დაეხმარება, სწორი რეაგირება მოახდინონ ქალზე ძალადობის ფაქტზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფატალური შედეგი. ხოლო, როდესაც სახეზე იქნება ქალთა მკვლელობა, დადგინდეს კავშირი მკვლელობასა და გენდერულ დისკრიმინაციას შორის და გათვითცნობიერებულ იქნას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, რომელიც არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტით არის აღიარებული.

გენდერული ნიშნით მკვლელობების შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და სხვა ზომებს, რათა დისკრიმინაციისა და ძალადობის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ფაქტორების აღმოფხვრა მოხდეს. სახელმწიფოებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ფემიციდი არის დანაშაული, რომელიც საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების უმოქმედობისა თუ არასათანადო რეაგირების შედეგია, რადგან ისინი ვერ ახდენენ უზრუნველყონ იმ ქალების სიცოცხლის უფლების დაცვა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას.

 

ნახეთ პუბლიკაცია სრულად- ფემიციდი- დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება.