საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა” გაიხსნა.
“ციცინათელების ქვეყანა” ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ მოემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს.
24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის იქნება შესაძლებელი, იფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან, მუშაობას გააგრძელებს უკვე არსებული შინ ზრუნვის სამსახური, რომელსაც ამჟამად 26 პაციენტი ჰყავს.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი მოქალაქეების, ბიზნესის, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის და პრეზიდენტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, სამეციდინო მიდგომის, ინტერიერის და საწოლების რაოდენობის მიხედვით.
საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალის” მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება და გარემო, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.
ჰოსპისის გახსნის ღონისძიება- ფოტოგალერეა.
მედია ამ თემაზე: ტელევიზია, რადიო “თავისუფლების”რეპორტაჟი.
###
ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.
ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის, მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.