კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივაზე

06.02.2017

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.

ა.წ. იანვარში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კამპანია „ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებიც იყვნენ წარმოდგენილნი. გუშინ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ თავისი კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შემადგენლობაში არსებული უწყება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სააგენტო). წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახაც შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან და ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის. არაერთი კრიტიკული საკითხიდან რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა შეიძლება გამოიყოს:

  • სააგენტოს დამოუკიდებლობა – როგორც აღინიშნა, სააგენტო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს უშუალოდ წარმართავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს უკანასკნელი ამტკიცებს სამსახურის შიდამარებულირებელ აქტებსაც და ახორციელებს სამსახურზე უშუალო სამსახურებრივ კონტროლს;
  • სააგენტოს კომპეტენცია – კანონპროექტის თანახმად, სააგენტო დაუბალანსებლად დიდი კომპეტენციით სარგებლობს. ის თავად ქმნის, იყენებს და აკონტროლებს საკუთარი მოვალეობებისთვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს კერძო პროვაიდერებს, შეუძლია აუდიტის დანიშვნა კერძო კომპანიებში და შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაჯარიმება. ამავდროულად, სააგენტო არამარტო სერვისის სახით, ტექნიკურად ახორციელებს ფარულ მოსმენებს თუ ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას, არამედ ის უშუალოდ ახორციელებს ისეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ფარული აუციო-ვიდეო ჩაწერა და სხვა. შესაბამისად, სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებებით და მას კვლავაც დარჩება პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახაც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
  • სამსახურის კონტროლის მექანიზმი – წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე სუბიექტს აკისრებს სააგენტოზე სხვადასხვა მოცულობის კონტროლის უფლება-მოვალეობას, თუმცა არც ერთი მათგანი არაა საკმარისი ასეთი დიდი ძალაუფლების მქონე სამსახურის ეფექტური ზედამხედველობისთვის. როგორც აღინიშნა, სააგენტო ერთი მხრივ ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას, მეორე მხრივ კი თავადვე ქმნის, შეიძენს და იცავს საჭირო პროგრამულ თუ ტექნიკურ აღჭურვილობას. ამავდროულად, ის თავად არის კერძო სუბიექტების მაკონტროლებელი და შეუძლია მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება. ამგვარი დიდი ძალაუფლება კი ვერ ბალანსდება კანონპროექტით წარმოდგენილი მაკონტროლებელი მექანიზმებით, მათ შორის ნდობის ჯგუფის სახეცვლილი მანდატით.

კამპანია „ეს შენ გეხება” მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის