ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა

13.03.2017

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

კვლევის შედეგები ემყარება ოჯახების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. გამოკითხულ იქნა 1004 რესპონდენტი, რომელთაც მკვლევარებს 3623 წევრზე მიაწოდეს ინფორმაცია.  გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯენელი (63.2%) და სომეხია (32%).

გამოკითხული ოჯახების ეკონომიკური ფონი არასახარბიელოა: ოჯახის სრულწლოვანი წევრების უმეტესი ნაწილი დიასახლისი ან უმუშევარია (46.6%), ხოლო დასაქმებულთა ხვედრითი წილი მხოლოდ 24.6%-ია. დაბალია ოჯახების საშუალო შემოსავალი (თვეში 450 ლარი). რესპონდენტების 33.5% ამბობს, რომ ოჯახს შემოსავალი ყოფნის მხოლოდ კვებასა და ტანსაცმელზე, ხოლო ოჯახების 22.6% შემოსავალს მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახმარს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია გამოკითხული შინამეურნეობების 13.3%; მათგან ფულად დახმარებას იღებს 28%.

რესპონდენტების 41.4%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც სჭირდებოდათ სამედიცინო მომსახურების მიღება, მაგრამ არ მიუღიათ. ამის მიზეზს, როგორც წესი, ოჯახების დაბალი ფინანსური შესაძლებლობა წარმოადგენს (და არა პაციენტის უფლებების შელახვა).

ოჯახების მხოლოდ 6.7% იყენებს კერძო სამედიცინო (კორპორატიულ ან ინდივიდუალურ) დაზღვევას, დიდი უმრავლესობა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს. დაზღვევა, ძირითადად, ხმარდება ექიმ-სპეციალისტების მომსახურებას და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას პოზიტიური შეფასება აქვს; თუმცა გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი აცხადებს, რომ დაბალი ხელმისაწვდომობა აქვს ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ტერიტორიული ხელმიუწვდომლობაა: ჯანდაცვის ობიექტებს შორის ტერიტორიულად ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა საავადმყოფო, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი – აფთიაქი.

ჯანდაცვის სერვისებიდან ყველაზე ფართოდ იყენებენ ამბულატორიულ მომსახურებას (ოჯახების წევრების მესამედი), შემდეგ – სასწრაფო სამედიცინო დახმარება (13.1%) და  ბოლოს – ჰოსპიტალური მომსახურება (9.4%). მიმართვიანობის სიხშირითაც ამბულატორიული კლინიკები გამოირჩევა (საშუალოდ 5 მიმართვა ბოლო 2 წლის განმავლობაში).

პირველადი ჯანდაცვის ობიექტების, ჰოსპიტალის და აფთიაქის მომსახურებით კმაყოფილების დონე მაღალია.

პაციენტთა უფლებების დაცვის თვალსაზირისით შემდეგი ვითარებაა:

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის კონტექსტში რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად  მიუთითეს: ა) დისკრიმინაციაზე მათი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის გამო, რაც ძირითადად გამოიხატა რელიგიური აკრძალვების და შეხედულებების გაუთვალისწინებლობაში (სულ 79 შემთხვევა); ბ) სამედიცინო მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე ოჯახის წევრებთან (სულ 39 შემთხვევა) და გ) სხვა/უცხო ადამიანებთან (სულ 19 შემთხვევა).

სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების თვალსაზრისით გამოიკვეთა შემდეგი: სამედიცინო პერსონალი საერთოდ არ საუბრობდა: ა) სამედიცინო მომსახურების ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკებისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ (39.8%); ბ) პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ (39.6%); გ) სამედიცინო მოსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ (39.1%); დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო მომსახრურების, მათი თანმხლები რისკებისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ (37.1%), ექიმის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (35.2%).

ენობრივი ბარიერი სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ექმნება გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედს.

ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა გამოვლინდა 17 შემთხვევაში, როდესაც პაციენტს მისი ნებართვის გარეშე ჩაუტარეს სამედიცინო მომსახურება.

სიცოცხლის უფლების დარღვევაზე მიუთითა 46-მა რესპონდენტმა, რაც გამოიხატა სამედიცინო პერსონალის დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის გამო პაციენტის გარდაცვალებაში.

ღირსების შემლახავი მოპყრობა ძირითადად დაუკავშირდა პალიატიურ პაციენტებს:  85 რესპონდენტიდან (ვინც დააფიქსირა მათ უშუალო გარემოცვაში უკურნებელი სენით ავადობა ბოლო 10 წლის განმავლობაში) მხოლოდ 33-ს მიუწვდებოდა ხელი ყველა საჭირო მედიკამენტზე. არახელმისაწვდომობის ძირითადი მიზეზად სახელდება არასაკმარისი ფინანსები.

რაც შეეხება დისკრიმინაციაზე რეაგირებას და თანასწორობის უფლების დაცვას, ზემოაღნიშნულ დარღვევებზე მოქალაქეების/პაციენტების რეაგირების მაჩვენებელი ძალზე დაბალია. კერძოდ, დაფიქსირებულია მხოლოდ 7 ასეთი შემთხვევა.

კვლევა დაფინანსდა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანრმთელობის პროგრამის ფარგლებში.