ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელი შევა

07.04.2017

კამპანია „ეს შენ გეხებას” ორგანიზებით, 2017 წლის 6 აპრილს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა 300-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს. სარჩელების მიღება მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შეეძლოთ თბილისში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში, ბათუმში „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ოფისში და ქუთაისში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში.

გასაჩივრებისთვის საჭირო იყო, საქართველოს მოქალაქეს შეევსო ელექტრონული სარჩელის ყველა სავალდებულო ველი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ვებგვერდზე www.esshengexeba.ge.

ყველა პროცედურის დაცვის შემდეგ, აღნიშნული სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას გაიგზავნება. სასამართლო ბაჟთან, საფოსტო მომსახურებასთან თუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს კამპანია „ეს შენ გეხება”.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

შედეგად, ფარული  მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. სწორედ ამიტომ მოამზადა კამპანია „ეს შენ გეხებამ” ელექტრონული სარჩელის ფორმა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა.

მედია ამ თემაზე