2017 წლის 2 მაისს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ-“ში, ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებების კვლევა. კვლევა განხორციელდა განათლების საკონსულტაციო ცენტრის მიერ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოსა” და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: სამოქალაქო განვითარების ინსიტუტი, საზოგადოება „ბილიკი”, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი” და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკომისია.
ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული, ღია საზოგადოების მშენებლობის წინაპირობაა. ამიტომ მნიშნელოვანია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობები და შესაძლებლობები, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლება ყველა დონეზე.
დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები და მათი ქართულენოვანი თანატოლები არ სარგებლობენ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12.441 მოსწავლემ მიატოვა სწავლა. განსაკუთრებით მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით. მაღალი კლასების მოსწავლე გოგონები სწავლას თავს ანებებენ გათხოვების შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის მიტოვების პრობლემა შეიძლება თაობებზე ვრცელდებოდეს. კვლევა მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკის, საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების ანალიზს და ისეთი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებენ.
კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერებისათვის.
კვლევამ და პოლიტიკის დოკუმენტებმა გაიარა კოლეგიალური შეფასება, რომელიც განახორციელა ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორმა, ქალბატონმა მაია ჩანქსელიანმა. პრეზენტაციის დროს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება პოლიტიკის ნარკვევების საბოლოო ვერსიის შემუშავების დროს.