ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი კონფერენციაზე შეაჯამეს

03.05.2017

2017 წლის 2 მაისს სასტუმრო „თბილისი რუმსში” კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი სირთულეები, მიღწევები და კანონის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები.

კონფერენციაზე სახელწოდებთ „ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონის ხარვეზების და მისი გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. მან ხაზი გაუსვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მნიშვნელობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და ყურადღება გაამახვილა აღსრულების სუსტ მექანიზმზე, რის გამოც ბოლო სამი წლის განმავლობაში თანასწორობის კუთხით მკვეთრი პოზიტიური ცვლილებები არ არის მიღწეული.

„საჭიროა, საქართველოს პარლამენტმა ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგას და დააჩქაროს ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის განხილვა,  რომელიც ერთი მხრივ, დახვეწს კანონის აღსრულების მექანიზმს, მკვეთრად გაამჯობესებს დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას და მეორე მხრივ, საქართველო შეასრულებს, ევროკავშირის წინაშე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებას, რომელიც დღემდე შესასრულებელია” – აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თმით, დაბალია მოსამართლების ცოდნა და მგრძნობელობა დისკრიმინაციის თემებზე, რაც დიდწილად აისახება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI-PROLoG), ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში”, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” (OSGF) და „თანასწორობის კოალიცის” ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.