მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად – საპროტესტო აქცია შსს-თან

07.07.2017

„ნარკოამანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე” 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციით აღინიშნა.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა (GeNPUD) ამ დღის აღსანიშნავად განცხადება გაავრცელა:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ათეული წლების განმავლობაში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება უსამართლო, რეპრესიული და საზოგადოებისათვის საზიანო ნარკოპოლიტიკა. ეს პოლიტიკა იწვევს ათასობით ოჯახის გაღარიბებას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, ახდენს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას, ხოლო დაპატიმრების შიში კი აიძულებს ადამიანებს თავი აარიდონ სოციალური და სამედიცინო სერვისებით სარგებლობას.

თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგი მოიტანა, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის და ამგვარად ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, თვითკმვლელობის შემთხვევები, ადამიანების მსხვერპლი და ინფექციური დაავადებების ტვირთი, შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯი.

 

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი 2006 წლიდან იბრძვის ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისთვის. ჩვენს ქვეყანაში ვერცერთი მთავრობა ვერ შეელია ძალადობრივ მანქანას, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკების 10 ათასობით მომხმარებლის კრიმინალიზაციას. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ებრძვის ადამიანებს და არა პრობლემას, გვართმევს თავისუფლებას, მომავლის იმედს, ჯანმრთელობას და ყველაზე ფასეულს – სიცოცხლეს!

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა (GeNPUD) 2013 წელს პირველი მასშტაბური აქცია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართა, ვინაიდან სამართლადამცავი/ძალოვანი უწყებები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას. ეს უწყებები ახორციელბდენენ ძალადობას ნარკოტიკების მომხმარებლებზე და ხელს უშლიდნენ ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პროგრესს.

2017 წლის 26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ტრადიციულად შეუერთდა გლობალურ კამპანიას – „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად”. 400-ზე მეტმა აქტივისტმა, რომლებიც აქციას საქართველოს 9 რეგიონიდან შემოუერთდნენ, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს, ხელი შეუწყონ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რაც მისცემს ამავე უწყებებს საშუალებას, კი არ იძალადონ ნარკოტიკების მომხმარებლებზე, არამედ მზრუნველობა გამოიჩინონ მათ მიმართ. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ათასობით ადამიანს, ვინც საპატიმრო დაწესებულებებში უსამართლო ბრალდებით იხდის სასჯელს.

აქცია შსს-თან – „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად”