დღეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა საჯარო განხილვა, რომელიც სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ეფექტური გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას მიეძღვნა.
მექანიზმი ითვალისწინებს სამართალდამცავი უწყებებისა და მთავრობისგან დისტანცირებული, დამოუკიდებელი უწყების შექმნას. იგი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენებისგან და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ამგვარი მოდელი ერთის მხრივ შეამცირებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის საგანგაშო სტატისტიკას და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობის აღდგენას.
საჯარო განხილვის დროს ასევე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პროკურატურის შიგნით ახალი დეპარტამენტის შექმნას გულისხმობს. მონაწილეთა მოსაზრებით, ამგვარი ცვლილება, ვერ პასუხობს სამართალდამცავი უწყებების მიმართ გამოთქმულ მთავარ კრიტიკას, დამოუკიდებლი და ეფექტური გამოძიების წარმოების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ საგანგაშო სტატისტიკაზე, რაც ბოლო დროს მათ წარმოებაში არსებული საქმეებიდან იკვეთება. კერძოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქსირდება 90-ზე მეტი შემთხვევა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ყველა ეს საქმე გადაცემულია საქართველოს პროკურატურისთვის, თუმცა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. ხშირ შემთხვევაში იკვეთება დანაშაულის არასწორად კვალიფიკაციის, გამოძიების გაჭიანურებისა და მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევები.
ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უწყების შექმნის აუცილებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დროულად მიიღონ ზომები, პრაქტიკულად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყების შექმნის მიზნით და განიხილონ სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული კანონპროექტი.