განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში

04.10.2017

 

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა  და ფონდმა  „ღია საზოგადოება-საქართველომ” კვლევის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც  დასაქმების ბაზართან უმაღლესი განათლების შესაბამისობას და შრომით კმაყოფილებას ეხება.

პუბლიკაცია ეფუძნება 2016 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას, რომელშიც 1500-მდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგად შემდეგი ზოგადი ტენდენციები  გამოიკვეთა:

  • ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წელი ყოველთვიურ ანაზღაურებას, საშუალოდ, 7%-ით ზრდის. საქართველოს მაჩვენებელი 3%-ით დაბალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე;
  • სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი – 5-ჯერ. თუმცა, ფორმალური განათლების დონე (საფეხური) არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს;
  • საქართველოში დაბალპროდუქტიულ შრომის ბაზარს განაპირობებს ე.წ. „ცოდნის გაუფასურება”, დისბალანსი თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად საქმიანობის ტიპებსა და იმ პროფესიებს შორის, რომელსაც დღეს ახალგაზრდები მასობრივად ეუფლებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • მოსახლეობაში დეფიციტურია დასაქმებისთვის და შრომითი პროდუქტიულობისთვის ორი პრინციპულად მნიშვნელოვანი უნარი – კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო ძალაში რელევანტური ცოდნისა და კომპეტენციების დეფიციტი განსაკუთრებით უარყოფითად ინოვაციური სექტორის განვითარებაზე აისახება, რომელიც  შრომის ბაზარზე ისედაც მცირე წილით არის წარმოდგენილი;
  • შრომითი კმაყოფილების შეფასებისას, არ ფიქსირდება სტატისტიკური კავშირი შრომით კმაყოფილებასა და რეალურ  ხელფასს შორის. თუმცა, ხელფასით კმაყოფილება მნიშვნელოვნად განაპირობებს შრომით კმაყოფილებას; აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რესპონდენტებისთვის მთავარია შემოსავლის, თუნდაც მინიმალურის არსებობა იმისთვის, რომ კმაყოფილების გრძნობა ჰქონდეთ სამსახურის მიმართ.
  • შრომით კმაყოფილებას არ განაპირობებს ავტონომიურობის განცდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში, დასაქმებულთა უმრავლესობისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დამოუკიდებლად შეძლებს სამუშაო აქტივობების დაგეგმვას ან სამუშაო დროის განაწილებას, რაც რიგ ქვეყნებში შრომითი კმაყოფილების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია;
  • შრომით კმაყოფილების მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობები კოლეგებთან და მენეჯერთან. სოციალური კაპიტალის ასეთი გავლენა შრომით კმაყოფილებაზე შეიძლება აიხსნას საქართველოსთვის დამახასიათებელი, კოლექტივისტური ორიენტაციით, სადაც თანამშრომლებს შორის არაფორმალური ურთიერთობები სამსახურებრივი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

კვლევის დასკვნების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს წარედგინება.

 

ნახეთ ანგარიში სრულად.