კოალიციის მედიის ადვოკატირებისათვის მიმართვა პარლამენტს და GPB -ს საბჭოს

07.02.2018

5 თებერვალი, 2018

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

გიორგი იაკობაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე, ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტოლებს მენეჯმენტს. ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წელს 84 ხმით აირჩია, რაც დეპუტატებსაც შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს. საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

გიორგი იაკობაშვილი სისტემატიურად აკეთებს არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ, უხამს განცხადებებს. ბოლო ასეთი განცხადება მან 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც მან უხამსად მოიხსენია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მისი წევრი რეგიონული ჟურნალისტები, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დღეს 318 ჟურნალისტს აერთიანებს და  ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვირდებას. სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადება აზიანებს არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, არამედ უპატივცემულობას იჩენს პროფესიული სტანდარტების მიმართ.

დაუშვებელია, პარლამეტმა და სამეურვეო საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვოს გიორგი იაკობაშვილის განცხადებები, ვინაიდან ის, როგორც მეურვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ღირებულებების და იმიჯის მატარებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი.