14 სექტემბერს საქართველოს ‘ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ’ და ‘მემო 98’-მა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.
შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით და 23 ივლისიდან 5 აგვისტომდე. დაკვირვება მიმდინარეობდა 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროზე.
‘ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ’ და ‘მემო 98’-მა მედიამონიტორინგი 2012 წლის 1 ივლისს დაიწყეს. მთავარი აქცენტი არჩევნების გაშუქებაზე კეთდება. კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექვსი მედიამონიტორი სამი თვის მანძილზე აკვირდება 11 ტელეკომპანიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი, მეგა ტვ), მათ შორის ოთხი რეგიონული მაუწყებლის საუკეთესო საეთერო დროს (19:00 საათიდან 24:00). მოცემული მონიტორინგის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია შინაარსზე და არა რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. კერძოდ, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე და იმ პროფესიულ სტანდარტებზე, რაც მედიაგაშუქებისას ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას.
მონიტორინგის პროცესში დამკვირვებლებმა ჟურნალისტური სტანდარტის შეფასებისას ხუთი კრიტერიუმი გამოიყენეს: მაღალპროფესიული სტანდარტი, კარგი ხარისხი, ტექნიკურად მისაღები ხარისხი, სუსტი ხარისხი (ნაკლოვანებებით), ძალიან ცუდი.
თემის შესაბამისობისა და აქტუალობის თვალსაზრისით ყველა ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის მერყეობს კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტს შორის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ზოგადი შეფასება „კარგ ხარისხს” აკმაყოფილებს, რიგ შემთხვევებში იხრება მაღალპროფესიული სტანდარტისაკენ. თუმცა, გამოვლინდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ რესპონდენტებისთვის შეკითხვების დასმის დროს შეკითხვის მიუკერძოებლობად დასმის ფაქტი.
მონიტორინგის საბოლოო შედეგები 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.
“ქარტია მონიტორინგის საბოლოო შედეგებს „მემოსთან” მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადებს, მასში შეაფასებს საქართველოში 11 სატელევიზო არხის წინასაარჩევნო ეთერის თავისებურებებს და წარმოადგენს დეტალურ ანალიზს. ასეთი მიდგომა შექმნის უფრო სიღრმისეულ სურათს. საბოლოო შედეგებში მოცემული იქნება მნიშვნელოვანი დამატებითი კომენტარები, რომლებიც კონტენტის ანალიზს უკავშირდება და რომლებშიც შეფასებულია ბალანსი, სამართლიანობა, ობიექტურობა, სიზუსტე, აქტუალობა და გაშუქების მასშტაბი.”- ამბობს თამარ კორძაია, “საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის” ხელმძღვანელი.
მონიტორინგი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
აქ ნახავთ თითოეული არხის დეტალურ შედეგებს:
ნახეთ მედია
„ქართული ტელეკომპანიების მთავარი პრობლემა დაუბალანსებლობაა”— Media.ge
Palitratv.ge
ტელევიზია
პირველი არხი
მაესტრო
მეცხრე არხი