თბილისში მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები იკრიბებიან

08.07.2010

პარასკევს, 9 ივლისს, 11:00სთ-ზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელშიც მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის თემაა “სტრატეგიული სამართალწარმოება-ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”.

შეხვედრაზე ევროსასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ სპეციალურ მოხსენებას გააკეთებენ იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები.

სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესს და თავისებურებებს მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმოიხილავენ მოლდოველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები.

შეხვედრა ფონდის ”აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი-პარტნიორობა საზვრებს გარეშე” პროგრამის მხარდაჭერით და მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაციის “პრომოლექსის” ინიციატივით ტარდება, რომლის პარტნიორიც საქართველოში არის ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”.