საკანონმდებლო ცვლილებები მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის

11.11.2010

ხვალ, 12 ნოემბერს, 16:00სთ-ზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებისა და იურისტებისგან (ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია) შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კანონმდებლობაში მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის შეტანილ ცვლილებებს გააცნობს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “მედია გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება” ფარგლებში მომზადდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და მაუწყებლის შესახებ კანონს და მიმართულია იმ  პრობლემების გადაჭრისკენ, რომელიც დაკავშირებულია მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და მესაკუთრეთა გამჭვირვალობასთან, ფინანსურ გამჭვირვალობასა და ინტერესთა კონფლიქტებთან,  საჯარო ინფორმაციის მიღებასთან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთან.

კანონპროექტით “მაუწყებლობის შესახებ” იზღუდება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის ოფშორებიდან მონაწილეობა საკუთრებაში.