კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” აღშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის საბუთების მიუღებლობით

28.11.2011

28 ნოემბერი, 2011

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა 2011 წლის 27  ოქტომბერს. ამავე აქტის თანახმად, საბუთების წარდგენის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

დღეს, 2011 წლის 28 ნოემბერს იწურებოდა კანდიდატების მიერ საბუთების წარდგენის ვადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კოალიციის მიერ ნომინირებული კანდიდატის, დავით კლდიაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა იმ საფუძვლით, რომ საბუთების წარდგენის ბოლო ვადა იყო გუშინ, კვირას, 27 ნოემბერს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და კანონით დადგენილი მოთხოვნების თვითნებური ინტერპრეტაცია.

საქართველოს კანონით “ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილია, რომ ვადების ათვლისას არ ჩაითვლება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად შაბათი და კვირა არის დასვენების დღეები. შესაბამისად, თუ გარკვეული მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა დასვენების დღეს მაშინ ვადის ამოწურვის დღედ ითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადა არის 2011 წლის 28 ნოემბერი, ორშაბათი. კოალიცია, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს მომხდარ ფაქტზე და საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა განიხილოს ყველა იმ კანდიდატის განაცხადი, რომლებმაც 2011 წლის 28 ნოემბერს წარადგინეს საბუთები.