საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის” და „ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველო” “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არაკონსტიტუციური ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე, ის იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.
აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, “არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.” დარღვეულია ასევე, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, “ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს, ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.”
მიღებული კანონი კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით პასუხისმგებლობას ადგენს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ასევე, უკუძალას ანიჭებს ნორმას, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას წარსულში განხორციელებული ქმედებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონის 261 მუხლი, რომელიც, თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. ასევე, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების, ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათგან მსგავს მომსახურებას მიიღებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.
ღონისძიება გაიმართა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
ნახეთ მიმართვის ტექსტი.