“ეს შენ გეხება” საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

03.04.2012

წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”

როგორც ცნობილია, კამპანიის – “ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციებმა ა.წ. 9 მარტს საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში მოეწვია ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR)  ე.წ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. 

 “ეს შენ გეხება”-ს წევრები დადებითად ვაფასებთ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის  მიერ ნატოს შტაბ-ბინაში გაკეთებული განცხადება, სადაც ის მოუწოდებს “საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელონ, მედიის მონიტორინგი ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ პარტიების დაფინანსების მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭირვალე…”(წყარო:Civil.ge)

მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ  წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოში.