არასამთავრობო ორგანიზაციები ახალაიას გადადგომას ეხმაურებიან

22.09.2012

უკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს.

აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გუშინ, 20 სექტემბერს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგანაც მან მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება არ იქნება საკმარისი. საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგანაც როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.

ამასთან, ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგანაც თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე ტოვებდნენ საბყრობილეებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რომელთაც უშუალო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გამოძიების პროცესზე. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში, ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საზოგადოებრივი დამცველი

ახალი თაობა ახალი ინიციატივა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი „ნდობა”

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი

ქალთა საგანმანათლებლო ცენტრი ,,თორი”

ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი”

ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება

გენდერი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში

სახელოსნო ,,ფესვები”

საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის”