სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა საქართველოს მთავრობას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის 13 მარტის განცხადების თაობაზე

17.03.2014

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებების საფუძველზე შექმნილი “დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტარტეგიის ძირითადი პრინციპების” დამტკიცებით, მოახდინა საკუთარი გეგმების დეკლალირება, განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი რეფორმა თვითმმართველობის სფეროში. იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობამ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც განსახილველად გადაეცა საქართველოს პარლამენტს.

საპარლამენტო განხილვების დროს, მმართველი პოლიტიკური ძალა მრავალ კომპრომისსა და დათმობაზე წავიდა. მიუხედავად ამისა, ძირითად შემთხვევებში, კოდექსის მიღებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამასთან, ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობას გაუჩნდა იმედი, რომ მეტად დაუხლოვდებოდნენ თვითმმართველობის ორგანოებს და მიეცემოდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

აღნიშნული დადებითი განწყობები, ძირითადად, განპირობებული იყო იმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღება რეფორმის პირველ ეტაპად დასახელდა, ხოლო რეფორმის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან ფაზად – გარდამავალ დებულებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულება. ამ ვალდებულებებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ამ ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიებზე – თვითმმართველი თემების ფორმირებას.

2013 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში.” მიგვაჩნია, რომ ასეთი მოდელი:

1. ვერ შექმნის თვითმმართველობის ისეთ სისტემას, რომელიც მოსახლეობას დააახლოვებდა თვითმმართველობასთან და მისცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიეღო ადგილობრივ გადაწვეტილებათა მიღების პროცესში;

2. ვერ შექმნის საჭირო პირობებს ადგილობრივ ინტერესებზე ორიენტირებული თვითმმართველობის შექმნისთვის;

3. ვერ შექმნის ახალ კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მიზიდულობის ცენტრებს გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე;

4. ვერ შექმნის საჭირო პირობებს სოფლის განვითარებისა და ადგილობრივი ლიდერებისა და კვალიფიციურ საჯარო მოხელეთა ზრდისთვის.

შესაბამისად, კომისიის მიერ შემოთავაზებული მოდელის დამტკიცების შემთხვევაში ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ რეფორმის პირველ და მეორე ფაზებად დაყოფა ხელოვნურია და ხელისუფლებას არ აქვს ნება და უნარი, შექმნას რეალური თვითმმართველობის განხორციელების საფუძვლები. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით მმართველი პოლიტიკური ძალა უარს იტყვის თვითმმართველობის რეფორმაზე – საქმეზე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე წამოიწყო საქართველოს მთავრობამ ექსპრემიერის მეთაურობითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს კოორდინირებით.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ ზემოხსენებულ საკითხთა გადაწყვეტის პროცესში და საქართველოს მთავრობას მივაწოდოთ ჩვენი ხედვები, რომლებიც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ყალიბდებოდა. ჩვენი ხედვა ემყარება მსგავსი ინტერესებით და ინფრასტრუქტურით გაერთიანებული ტერიტორიების ბაზაზე ახალი თემების ფორმირების პრინციპს, რაც გამყარებულია შესაბამისი გეოგრაფიული, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა მონაცემებით.

რეგიონის განვითარების ცენტრი

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი

ასოციაცია „კივიტას გეორგიკა”

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” (PMMG)

ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

გორის საინფორმაციო ცენტრი

საზოგადოებრივი დამცველი

ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი

ფონდი „ტასო”

აკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)