არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის თაობაზე

02.02.2015

ა/წ 26 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის” მიერ წარმოებული კვლევა დააანონსა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების, კერძოდ „სამართლიანი არჩევნებისა” და „საერთაშორისო განჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელების, ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის საქმიანობას უკავშირდება.

აღნიშნული განცხადება პირდაპირ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და მას შემდგომ გაკეთებულ განცხადებებთან, სამოქალაქო სექტორში ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე და რომ იგი ხელს შეუწყობს ამ პროცესს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საფუძველს მოკლებულ განცხადებებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშივილიც არაერთხელ აკეთებდა.

ყველა ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტს, თუ პოლიტიკოსს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი როგორც ორგანიზაციების, ასევე მათი ლიდერების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა იქცეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებზე პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლის ბერკეტად, მით უფრო სახელმწიფო რესურსების არაფორმალური მექანიზმების გამოყენებით, რასაც ამძიმებს ძლიერი ფინანსური უზრუნველყოფით მოქმედება.

მიგვაჩნია, რომ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიული ტრანსფორმაციის ამბიციები გააჩნია, ასევე ევროკავშირსა და ნატოში წევრობისკენ მიისწრაფვის და დემოკრატიულ ფასეულობებს იზიარებს, არ შეესაბამება მსგავსი სტანდარტები. ამავე დროს გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საქმიანი ურთიერთობების მქონე პირებისაგან აშკარად ანტიდასავლური კონტექსტებით უცხოური დონორების მოხსენიების თაობაზე. მათ ბრალს სდებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დანაშაულებრივ კავშირში, ამხელენ ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში.  ასეთი მიდგომები ტოტალიტარული ქვენებისთვისაა დამახასიათებელი.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე,  განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და საჭიროებას სწორედ საზოგადოების კონსოლიდაცია და დემოკრატიული განვითარების კურსის გაძლიერება წარმოადგენს. ამის წინაპირობა კი ხელისუფლების ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობა, ისევე როგორც ზეწოლისაგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. სწორედ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, მასში არსებული აზრთა სხვადასხვაობით, ქვეყნის წინსვლის პროცესის დაჩქარების უნარი შესწევს.

სამწუხაროდ ხელისუფლებების ცვლის მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური ძალების ნეგატიური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ უცვლელი რჩება.

ჩვენ სოლიდარულნი ვართ ჩვენი კოლეგების მიმართ და  გამოვხატავთ შეშფოთებას არსებული სიტუაციის გამო.

ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომ საჭიროა მეტი დიალოგი, ასევე მეტი მცდელობა, რათა მოიძებნოს საერთო პოზიტიური ინტერესები და შესაძლებლობები, ისევე როგორც რაციონალურად გამოვიყენოთ ის დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია.  ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და არა დაპირისპირების დამატებითი კერების შექმნას.

აქვე გვსურს დავსძინოთ, რომ ჩვენ ღია ვართ არგუმენტირებული კრიტიკისათვის. თუმცა ჩვენთვის მიუღებელია სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოთქმული დაუსაბუთებელი და პოპულისტური ბრალდებები, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიართ ნეგატიური განწყობებისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. “ლიბერალური აკადემია თბილისი”

2. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო

3. ფონდი “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

4. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

5. ადამიანის უფლებათა ცენტრი

6. მედიის კვლევების ცენტრი

7. სტრატიგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

8. ევროპული კვლევების ცენტრი