არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ

03.07.2015

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას პოლიციის დაწესებულებაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე არასათანადო მოპყრობის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ასახულია გუშინ საღამოს მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში. მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ამგვარ ქმედებას, სახელმწიფოსგან მოითხოვს მის პრევენციას და დამნაშავეთა დასჯას. საქართველოში მოქმედ არასამთვრობო ორგანიზაციებს არაერთხელ შეუსწავლიათ და გამოუვლენიათ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. წარსული გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია წამების, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია, რაც დიდ წილად მსგავსი ქმედებების ეფექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებაზეა დამყარებული. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართებით და არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, რომელთა მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესწავლა და საქართველოსთვის შესაბამისი მოდელის შეთავაზება მთავრობისთვის.

2015 წლის 2 ივლისს გავრცელებულ კადრებში სავარაუდოდ ასახულია ამა წლის 5 აპრილს მომხდარი ფაქტები და შესაბამისად, მასზე მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. აგრეთვე არსებობს სახალხო დამცველის შესაბამისი რეაგირება მომხდარის თაობაზე გამოძიების დაწყების მიზნით, თუმცა, ამ დრომდე არ დაწყებულა საქმის შესწავლა სამართალდამცავთა მიერ შესაძლო ეთნიკურ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის კუთხით. საკითხის აქტუალობიდან და დარღვევის მასშტაბურობიდან გამომდინარე,  ეფექტური პრევენციისთვის აუცილებელად მიგვაჩნია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ დაუყონებლივ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, გატარებული ღონისძიებებისა და ამ ეტაპისთვის არსებული შედეგების შესახებ. ამავდროულად გამოძიება უნდა წარიმართოს სწრაფად და ეფექტურად, საქართველოს პროკურატურის მიერ, ხოლო ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მიეცნენ პასუხისგებაში
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს მასმედიით გავრცელებულ ჩანაწერებში მოხსენიებული პირების უსაფრთხოების დაცვა;
  • საქართველოს სახალხო დამცველმა მოახდინოს ამ პირთა რეგულარული მონახულება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილზე შემოწმება/მონიტორინგი;

მაქსიმალურად მცირე ვადებში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია  გამოძიების შედეგების შესახებ, რათა მკაფიოდ დაფიქსირდეს სახელმწიფოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მოპყრობა ხდება ეთნიკურ ნიადაგზე და მისი სუბიექტები სამართალდამცავები არიან. ამავდროულად, აუცილებელია შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლით, რომელიც ზუსტად ასახავს ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის სიმძიმეს.

ამასთანავე, გვსურს მოვუწოდოთ  სასამართლო ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად ნაკლებად გამოიყენოს პატიმრობა (როგორც აღკვეთის ღონისძიება) იმ პატიმრებთან მიმართებით, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანება და პარალელურად  ჩივიან, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.  არასათანადო მოპყრობის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც ახალი მტკიცებულება, ან პატიმრობის გამოყენების საპირწონე ფაქტორი. შესაბამისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მკაფიო გზავნილი უნდა მიიღონ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომ არასათანადო მოპყრობის ჩადენის შემთხვევაში, გართულდება ან საერთოდ შეუძლებელი იქნება მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება.

ზემოაღნიშნული კონკრეტული რეკომენდაციების პარალელურად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა დაიწყონ აქტიური მუშაობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე. ეს იქნება როგორც ეფექტიანი გამოძიების კარგი საშუალება, ასევე ხელს შეუწყობს პოლიციისადმი ნდობის ამაღლებას. არასათანადო მოპყრობის (და ზოგადად სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის) საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, მუდმივად იარსებებს დანაშაულის შემადგენლობის სრულყოფილად გამოუძიებლობის ცდუნება. აქედან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და მოქმედმა ხელისუფლებამ გადადგან აქტიური ნაბიჯები დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზნით. საქართველოს მსგავსი ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ამ ტიპის ინსტიტუტის შემოღებას ალტერნატივა არ აქვს  და ამ მიმართულებით სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულია კონკრეტული საბაზისო კანონის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საქართველოში. აღნიშნული პროექტი წარდგენილია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოში, შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭიროს პროექტს და უზრუნველყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ციხის საერთაშორისო რეფორმა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

მედიის განვითარების ფონდი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიისთვის – თბილისი