არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან

05.10.2016

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამთ დაზარალებული მოქალაქეების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის მგომარეობა კვლავ მძიმეა.

მიგვაჩნია რომ აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება. ამ შემთხვევას წინ უძღვოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში, და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად „ქართული ოცნების” აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციებისა თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე:

გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე;
ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება;
ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს;
გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო