კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

18.10.2016

„კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის ეფექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ისტორიულ საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებული დავის მიმოხილვა

უკანასკნელი რამდენიმე დღეა სოფელი მოხის მუსლიმი თემი სადავოდ გამხდარი ისტორიული შენობის ნანგრევებში ლოცულობს. თემის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ კერძო პირის სახლში მოწყობილ ჯამეში მათ ლოცვის შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ აქვთ. ამავდროულად, მუსლიმი თემი სადავო შენობაში ლოცვით უკმაყოფილებას გამოხატავს ისტორიული შენობის დავის გადაწყვეტის მოქმედი მექანიზმის მიმართ, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა. სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვა 2016 წლის 14 ოქტომბერს ადგილობრივმა მეუფემ დაპირისპირების პროვოცირების მცდელობად შეაფასა და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს პოლიციამ ისტორიული შენობა აჭედა და შენობაში შესვლის აკრძალვის გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსა. ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ისინი სადავოდ გამხდარი ნაგებობის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ გააგრძელებენ ყოველდღიურ ლოცვას.

სოფელ მოხეში მდებარე ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით დავა ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის 2014 წელს დაიწყო. მუსლიმი თემის განცხადებით, აღნიშნული ნაგებობა 1920-30-იან წლებში მუსლიმი მესხების მიერ აშენებულ მეჩეთს წარმოადგენს, რასაც მათი თქმით, მათ შორის, შენობის ადგილმდებარეობა, მეჩეთის არქიტექტურა და რელიგიური ატრიბუტები ადასტურებს. თემის უხუცესი წევრები იხსენებენ, რომ ისინი და მათი მშობლები განსახილველ შენობაში პარასკევობით ლოცვას  კითხულობდნენ ხოლმე. მუსლიმი თემი აღნიშნული შენობის სახელმწიფოსგან გადმოცემას წლების განმავლობაში ითხოვდა, რისი საჯარო დაპირებაც თემმა 2014 წელს ღიად მიიღო. თუმცა, 2014 წლის ოქტომბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომლის საკუთრებაშიც რეგისტრირებულია სადავო ქონება, ისტორიულ შენობაში კლუბის, შემდეგ კი ბიბლიოთეკის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მუსლიმი თემის პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, ადიგენის მუნიციპალიტეტმა შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 2014 წლის 22 ოქტომბერს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებით სცადა. ინციდენტის დროს პოლიციამ თვითნებურად დააკავა ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მშვიდობიანი მუსლიმები (14 ადამიანი) და მათ მიმართ სასტიკი ძალა  გამოიყენა. ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, 2014 წლის 24 ოქტომბერს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მან პირველად დაიწყო მტკიცება შენობის ქრისტიანული წარმოშობის თაობაზე და მისი საპატრიარქოსთვის გადაცემა მოითხოვა.

შექმნილი ვითარებაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ (შემდგომში სააგენტო), ისე რომ მან არ შეისწავლა საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი შეფასებების დასაბუთებულობა, 2014 წლის 27 დეკემბერს დააფუძნა “ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ, შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია (შემდგომშიკომისია), რომლის არსებით მიზანს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის დადგენა წარმოადგენდა. კომისია რელიგიური ორგანიზაციებისა (საპატრიარქოსა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან შედგება და კონსენსუსის წესით იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკა

მოქმედი კანონმდებლობით საკულტო ნაგებობების რესტიტუციისა და  სადავო ისტორიული ნაგებობების დავების გადაჭრის სამართლებრივი საფუძვლები, წესი და პასუხისმგებელი უწყება არ არის განსაზღვრული. ამ პირობებში კომისიის რეკომენდაციის რეალური შესრულების საკითხი იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და კომისიის, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის არაეფექტურობასა და ილუზორულობაზე მიანიშნებდა. ამასთან, სადავო ისტორიული შენობების მესაკუთრის დადგენის პროცესის კანონის უზენაესობის პრინციპის გარეთ გატანა და სპეციალური კომისიის გზით,დემოკრატიული (კონსენსუსის) პროცედურით გადაწყვეტა პროცესის პოლიტიზების მაღალ რისკს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის შექმნიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა, კომისიას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და არც შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის დადგენისკენ მიმართული რაიმე ღონისძიება ჩაუტარებია. სააგენტოს შეფასებით, კომისიის არსებითი მიზანი პროცესების დერადიკალიზაცია და მხარეებს შორის ნდობის აღდგენაა, რაც ცხადია კომისიის ძირითად მიზანს არ შეესაბამება და კომისიას ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განმხილველი მექანიზმის ნაცვლად, სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტად აქცევს. კომისიის ორწლიანი ფუნქციონირების შემდგომ, სააგენტოს მიერ მხოლოდ დერადიკალიზაციის მიზანზე აპელირება მუსლიმ თემში დავის რეალური გადაჭრის მოლოდინს აქრობს და სახელმწიფოს მხრიდან ისტორიულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის პოლიტიკური ნების არ არსებობაზე მიუთითებს.   ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმის გამო, რომ კომისიაში არ შედიან ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ კი ადგილობრივი თემის გაუცხოება მაღალია, ცხადია, რომ კომისიას გაუჭირდება ნდობის აღდგენის ფუნქციის შესრულებაც.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არსებითად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აშკარად არაეფექტური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და პრობლემების კონსერვირების  სტრატეგიაზე დგას. მუსლიმ თემში გამოხატული სოციალური უკმაყოფილება (მათ შორის, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის თვითორგანიზებული ჯგუფის საქმიანობა, მოხეში მიმდინარე პროცესები) არასათანადო პოლიტიკის ყველაზე აშკარა ინდიკატორია.

ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ შვიდი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა, მათ შორის, რელიგიური ძალადობის მხოლოდ სამი შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში (ჭელა (2013), მოხე (2014), ადიგენი (2016)) დაფიქსირდა. ჭელასა და მოხეში განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსლიმების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა და ამ ფორმით საზოგადოებაში გაბატონებული ისლამოფობიური განწყობების გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი ძალადობის არც ერთი ფაქტი სახელმწიფომ ამ დრომდე არ გამოიძია და არც შესაბამის პირებს დააკისრა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რელიგიურ კონფლიქტებში ასევე ჩანს ადგილობრივ ხელისუფლებაზე სამღვდელოების გავლენისა და არასეკულარული პოლიტიკის პრობლემა. ზემოთ მითითებული ძალადობის უხეში შემთხვევების გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოციალურ დონეზე იკვეთება მუსლიმი თემის სისტემური ჩაგვრისა და გარიყვის პრაქტიკა (მათ შორის, ჭელასა და მოხეში მონაწილე ყველაზე აგრესიული პოლიციის თანამშრომლების დაწინაურების შემთხვევები, ადგილობრივ საჯარო სამსახურებში მუსლიმი თემის დაუსაქმებლობის  პრაქტიკა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაახლოებული და ისლამოფობიურ შეკრებებში აქტიურად მონაწილე პირის რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება), რაც რეგიონში მუსლიმების მიმართ არსებულ ზოგად დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე უთითებს და სოციალურ კრიზისის გაჩენის რისკს ზრდის.

კოალიციის მოთხოვნები

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ

-არსებითია, სახელმწიფომ გადახედოს სოფელ მოხეში მდაბარე სადავო ისტორიულ ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მანდატს, საქმიანობის მიზნებსა და მისი გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნებას და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განსახილველი შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის შესწავლა და მისი შესაბამისი რელიგიური თემისთვის გადაცემა;

-რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშავოს ისტორიული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის, მათ შორის, სადავოდ გამხდარ ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ერთიანი პოლიტიკა, რაც მათ შორის კანონიერი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე პროცედურების შემუშავებას გულისხმობს;

-არსებითია სახელმწიფომ გადახედოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს, საქმიანობასა და მის აშკარად არაეფექტურ და ადამიანის უფლებებს აცდენილპოლიტიკას და მისი ფუნდამენტური ტრანფორმაცია უზრუნველყოს;

-სახელმწიფომ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გადახედოს და შეცვალოს მუსლიმი თემის მიმართ შექმნილი დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკა, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე ფორმები მიიღო და ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას, პლურალიზმსა და თანასწორობას.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF);

იდენტობა;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

კავშირი საფარი;

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

 

  1.  http://sknews.ge/index.php?newsid=10439
  2.  http://sknews.ge/index.php?newsid=10438
  3. http://sknews.ge/index.php?newsid=10449
  4. http://sknews.ge/index.php?newsid=3796#.VEqtmCKsVKD
  5. https://emc.org.ge/2014/10/23/gancxadeba-moxes-incidenttan-dakavshirebit/
  6. https://emc.org.ge/2016/09/15/emc-139/
  7. http://sknews.ge/index.php?newsid=4494
  8. https://emc.org.ge/2016/03/18/emc-21/
  9. https://emc.org.ge/2013/08/29/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1
    %83%98%E1%83%95%E1%
    83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83
    %94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83
    %9D%E1%83%A4/
  10. https://emc.org.ge/2016/03/02/emc-11/
  11. https://emc.org.ge/2014/12/03/peticia-parlaments/
  12. https://emc.org.ge/2015/02/12/moxeshi-koxodzis-danishvna/
  13. https://emc.org.ge/2015/04/10/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%
    9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9
    D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98/
  14. http://liberali.ge/news/view/25285/vin-miigho-muslimi-mosakhleobis-khmebi-akhaltsikheadigenshi
  15. ამ მიმართებით, ხაზგასასმელია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომ მან
    რელიგიური საკუთრების შესახებ დავები სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გზით მოაგვაროს; დოკუმენტი ხელმისაწვდომია:
    https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf