არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

25.05.2017

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს.  24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში” მომხდარი ლაშა თორდიას ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ” ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეომასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცველი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ.

ამასთანავე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 24 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი კანონდარღვევისთვის. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად.

მიგვაჩნია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის  ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

სიდა