როგორ იცავს სახელმწიფო არასრულწლოვანთა პირად მონაცემებს პენიტენციურ სისტემაში

23.02.2015

ინტერნეტმედია 

წყარო: Liberali.ge 
ავტორი: ქეთევან ღვედაშვილი

ციხეში მყოფთა პირადი საქმეები მათ შესახებ ბევრ ისეთ დეტალს მოიცავს, რისი გამჟღავნებაც, შესაძლოა, მათი დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს. მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ადამიანის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობად მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევამ ბევრი ხარვეზები წარმოაჩინა.
კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა შენახვისა და განადგურების ვადებსა და პროცედურებს მკაფიოდ არ განსაზღვრავს. კიდევ ერთი პრობლემა მონაცემების გაცნობაზე უფლებამოსილ პირთა წრეა, კანონი ბევრ შემთხვევაში არც ამას არეგულირებს.
ეს პერსონალურ მონაცემთა დაუცველობისა და უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხეს ქმნის.
“პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პირის მიმართ ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის მიზნით, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკისა და უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის არაერთხელ გასაჯაროების გამო”,- აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, არასრულწლოვანთა მონაცემები სრულწლოვანთა მონაცემების მსგავსად მუშავდება.
ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვნები ოთხ დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებული არასრულწლოვანი ბიჭები არიან; გარდაბნის მუნიციპალიტეტის N5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული გოგონები არიან განთავსებული; თბილისის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულ არასრულწლოვან ბიჭებს ათავსებენ; თბილისის N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კი მსჯავრდებული არასრულწლოვანი ბიჭები იმყოფებიან.
N11 დაწესებულება ერთადერთია, სადაც სასჯელს მხოლოდ არასრულწლოვნები იხდიან. სხვა დაწესებულებები სრულწლოვანი პატიმრებისთვისაა განკუთვნილი და არასრულწლოვნები იქ ცალკე განყოფილებებში იმყოფებიან. სამივე მათგანში საქმის წარმოება ერთიანი წესით მიმდინარეობს და არასრულწლოვნებთან მუშაობის თავისებურებები გამიჯნული არ არის.
პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ფორმატში ხორციელდება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ ძირითადი პერსონალური მონაცემები პირად საქმეებშია თავმოყრილი. ისინი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღებასთან, აღრიცხვასთან, გადაყვანასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
კვლევის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესშიც მუშავდება. ეს პროცესი მხოლოდ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ეხება. ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში ბავშვთა შესახებ საკმაოდ დეტალური მონაცემები მუშავდება, კერძოდ – მსჯავრდებულის ანკეტური მონაცემები, სასამართლო გადაწყვეტილება, დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დასჯა/წახალისების შესახებ, მსჯავრდებულის დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ურთიერთობის შესახებ, მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ, განათლების შესახებ, მსჯავრდებულის შემოქმედებითი უნარი, სარეაბილიტაციო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებში ჩართულობა, მსჯავრდებულის წარსულში ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულების შესახებ და ა.შ.
ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში ინფორმაციის დამუშავებაზე, ძირითადად, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი, მასწავლებელი და დაწესებულების დირექტორია პასუხისმგებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაცემების გამჟღავნების ან ბოროტად გამოყენების ერთ-ერთ საფრთხეს იმ პირთა წრე წარმოადგენს, ვისაც არასრუწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი. კანონმდებლობით სპეციალურ უფლებამოსილ პირთა წრე ცალკეა განსაზღვრული, მაგრამ ეს წრე საკმაოდ ფართოა.
გარდა ამისა, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ის მიზეზი და მიზანი, რა შემთხვევაშიც შეუძლია ამა თუ იმ პირს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმის გაცნობა შეუძლია.
გაეროს სტანდარტები განმარტავს, რომ „არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა დოსიე უნდა ინახებოდეს სრულიად საიდუმლოდ და დახურული უნდა იყოს მესამე მხარისთვის”.
რაც შეეხება საქმეთა შენახვის ვადებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში აღნიშნულია, რომ მონაცემები იმ ვადით შეიძლება ინახებოდეს, რომელიც მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. ამის შემდეგ ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს, განადგურდეს ან პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით ინახებოდეს.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ასევე განმარტავს: „საზოგადოებრივი სანქციის ან ზომის ვადის გასვლის შემდეგ დოსიე უნდა განადგურდეს ან გადაეცეს არქივს, სადაც მოქმედებს წესები მათი შინაარსის მესამე პირებისათვის არ გაცემის გარანტიების შესახებ”.
რაც შეეხება პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნებს, კვლევის თანახმად, პრობაციის ბიუროში მათ მონაცემებს ცალკე ჯგუფი ამუშავებს.
“თუმცა ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის კვალიფიკაცია რაც ამ პროფესიონალებს უნდა გააჩნდეთ და როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საინტერესო იქნება განვიხილოთ ამ კუთხით სამსახურში მიღების პროცედურები”,- აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
პენიტენციური სისტემისგან განსხვავებით, პრობაციის და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემაში, მსჯავრდებულთა პირადი საქმეების გაცნობაზე პასუხისმგებელ პირთა წრე კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ასევე არაა განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება აქვს.
კანონმდებლობის თანახმად, სოციალური მუშაკი განრიდებასა და მედიაციასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების ჩანაწერებს პრობაციის შესაბამისი ბიუროს ოფისში, სათანადოდ დაცულ ადგილას ინახავს. ჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობა კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება. თუმცა კანონქვემდებარე აქტებში ინფორმაციის დაცულობის სტანდარტები, შენახვის ვადები და განადგურების წესები დაკონკრეტებული არ არის.
“შეიძლება ითქვას, რომ როგორც პენიტენციურ, ასევე პრობაციის სისტემაში საკანონმდებლო დონეზე უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარტო საკანონმდებლო რეგულირება ბოლომდე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი სახის მონაცემები სრულად იქნება დაცული, თუმცა ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე”,- აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო რეგულირების შემდეგ მონაცემების დამუშავების პროცესში კანონის პრაქტიკულად აღსრულების მონიტორინგის სისტემა უნდა შეიქმნას.