გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება

04.07.2018

უფლებათა განსაკუთრებით გავრცელებული და უმეტესწილად, უხილავი პრობლემებია სექსმუშაკ ქალთა თემში. მსოფლიოს მასშტაბით ქალები, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლები, განიცდიან მყარად დამკვიდრებულ სტრუქტურულ უთანასწორობასა და ინტერსექციურ დისკრიმინაციას. დისკრიმინაციისა და უთანასწორობის სხვადასხვა ფორმა გავლენას ახდენს ქალის გადაწყვეტილებაზე, ჩაებას ან დარჩეს სექსსამუშაოში. ქალები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რასის ან ეთნიკურობის გამო, ასევე მიგრანტი ქალები, განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სექსსამუშაოში ჩართვის მიმართ. ვინაიდან პროსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო მასთან დაკავშირებული რიგი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაული, ძალადობის შემთხვევაში სექსმუშაკებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა დამატებითი ბარიერებისა და რისკების წინაშე აყენებს, ხოლო თუ გამოვლინდება მათი სტატუსი (სექსსამუშაო), შესაძლოა, მათ ან მათთან დაკავშირებულ პირებს, დაეკისროთ ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. შედეგად, სექსმუშაკები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სხვადასხვა სახის ძალადობრივი დანაშაულების მიმართ (ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ან კერძო პირების მიერ).

კვლევის მიზანია გააანალიზოს სექსმუშაკთა მიმართ გენდერული ძალადობის ხასიათი, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები. სექსმუშაკთა მიმართ ძალადობისა და ინტერსექციური დისკრიმინაციის ანალიზისას კვლევა ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობასა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი) 2016 წელს სექსმუშაკ ქალებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს მათ მიმართ ძალადობაზე, დისკრიმინაციასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა მოიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო, პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე სექსმუშაკ ქალთა ძალადობისგან დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან მიმართებით. კვლევა არ მიმოიხილავს სექსსამუშაოს ლეგალიზებისა თუ კრიმინალიზების მოდელებს და მათ გავლენას სექსმუშაკთა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე.