საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაა.
2018 წლის 5-7 სექტემბერს თბილისში იმართება სამხრეთ კავკასიის ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან ფინანსდება. ფორუმში მონაწილე რუსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერები არიან.
ქართული მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორი გაზეთი “საქართველო და მსოფლიოა”. მისი დამფუძნებელი ალექსანდრე ჭაჭია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ის 2014 წელს პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. “სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, რუსული ინტერესების გასატარებლად ჭაჭიას სამეგრელოში დაარსებული აქვს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელო” და გაზეთი “ილორი”, რომელსაც უფასოდ ავრცელებს მოსახლეობაში. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” და მისი ინტერნეტ გამოცემა Geworld.ge გამოირჩევა აქტიურიპრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფორუმი, მასში მონაწილე რუსი ე.წ. ექსპერტების წარსული ქმედებებისა და გამონათქვამების გათვალისწინებით, რუსეთის რბილი ძალის დემონსტრირების კიდევ ერთი მცდელობაა და შესაბამისად, საზიანოა საქართველოს ინტერესებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეკრება საქართველოში პირველად არ ტარდება. თუკი 2013-2014 წლებში ის მხოლოდ რუსულ-ქართული მედია ფორუმი იყო, შემდგომ წლებში ფორუმის შემადგენლობა გაფართოვდა და უკვე კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებიც ჩართეს.
2012 წლიდან გააქტიურდნენ რუსული ფონდები საქართველოში, მათ შორის ერთ-ერთია “პრიმაკოვის ცენტრი”, რომლის დამაარსებელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემქნილი გორჩაკოვის ფონდია. ამ ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, რომელიც ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერია.
აღსანიშნავია, რომ პრობლემის არსებობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) 2017 წლის ანგარიშიცადასტურებს. ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას და ასევე, მათი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა.
ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია, რომ აღნიშნული მედია-ფორუმის ოთხი მონაწილე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს, თუმცა ეს მაინც ერთჯერადი აქტია.
ჩვენი შეფასებით, სახეზეა სისტემური მიდგომის არარსებობა. სამწუხაროა, რომ არ არსებობს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება რუსული ჰიბრიდული ომით გამოწვეულ საფრთხეებს.
აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს მწყობრი, მკაფიო სტრატეგია რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ და ამ სტრატეგიის აღსრულების შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი ქმედითი მექანიზმი. ასევე აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ზედმიწევნით აღსრულების ეფექტური მექანიზმები.
ამ მიმართულებით, პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ რეალურად განახორციელოს და გაამკაცროს კონტროლი ამ და მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების წარმომავლობაზე. ასევე დაინტერესდეს იმ ადამიანების/ორგანიზაციების ვინაობით, ვინც ხელს უწყობს საქართველოში რუსული რბილი ძალის აქტივობას, მიაკვლიოს მათი დაფინანსების წყაროებს და აღკვეთოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სასარგებლო საქმიანობა.