დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.
საქართველო დღემდე იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არაკონსტიტუციურ კოდექსს – საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით მიღებულ ერთადერთ კანონს (მიღებულია 1984 წელს). არაერთი დაპირების მიუხედავად, მთავრობა არ ჩქარობს მის შეცვლას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთგვარი ანაქრონიზმია, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სისტემას.
კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ სახდელებს, განსაზღვრავს სახდელთა დადების პროცედურებს მსუბუქი დარღვევებისათვის და მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსისგან დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები არ აისახება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მიმართ, რომლებიც, მათი ხასიათიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს მექანიზმებს, რომლებიც აღარ არსებობს: მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილებოდეს – ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შრომითი კოლექტივის მიერ. თუმცა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართ ძირითადი კრიტიკა საპროცესო გარანტიების არარსებობას უკავშირდება, რაც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით, დასაჯოს მოქალაქეები ისე, რომ მათი მოქმედებები არსებითი კონტროლის მიღმა დარჩეს. სწორედ ეს შეიძლება იყოს იმის რეალური მიზეზი, თუ რატომ არ ჩქარობს მთავრობა რეფორმის გატარებას.