წყარო: ნეტგაზეთი
ავტორი: ლევან ცუცქირიძე/პოლიტოლოგი
1993 წელს მე და ჩემი სტუდენტი მეგობრები ხელნაწერი ფურცლებით დავდიოდით უნივერსიტეტის დერეფნებში და ვეხვეწებოდით ჯერ რექტორს, მერე მის მდივანს, რექტორის მოადგილეებს, ამ მოადგილეების მდივნებს, შემდეგ საორგანიზაციო დეპარტამენტის ბიუროკრატებს და ვის აღარ, რომ ჩვენი და ჩვენი სხვა მეგობრების მიერ ერთობლივად მომზადებული სტუდენტური ჟურნალის სულ რამდენიმე ეგზემპლარი მაინც ამოებეჭდათ ჩვენთვის, რომ დაბეჭდილ ფურცლებზე წაგვეკითხა რაიმე სერიოზულის დაწერის ჩვენი პირველი მცდელობა.
ამ დამშეულ, უშუქო, უტრანსპორტო, ცივ და საშიშ თბილისში, როგორც იქნა, მოვახერხეთ სანიმუშო ეგზემპლიარის ამობეჭდვა და ამ ნალოლიავები „პუბლიკაციით“ ხელში ალიკა რონდელს მივაკითხეთ. „რა მაგარი რამე გააკეთეთო!“ ბავშვივით გახარებულმა გვითხრა და დახმარებას შეგვპირდა. რამდენიმე დღის მერე სოროსის ფონდის ნათელ, თბილ და კომფორტულ ოთახში ვისხედით და იმაზე ვსაუბრობდით, როგორ გამოგვეცა ჟურნალ „გეოპოლიტიკის“ ახალი ნომერი. ფონდმაც კარგად იცოდა, რა მაგარი გამომცემლებიც ჩვენგან დადგებოდა და ჩვენც ვიცოდით როგორი ავტორებიც მაშინ ვიყავით. მაგრამ ეს ნომერი მალე მართლაც გამოვეცით და ამას ბევრი კარგი რამე მოჰყვა: მცირე სტუდენტური გაერთიანებები, ახალი საქმეები, კარგი კავშირები და, რაც მთავარია, სწორი მოტივები. მოკლედ, ხელი არ ჩავიქნიეთ და რაღაცის კეთება დავიწყეთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ იმის აღმოჩენა იყო, რომ „ფულის გაკეთების“ გარდა სხვა საქმის გაკეთებაც შეიძლებოდა ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ხალხი, რომლებსაც ესმოდათ ასეთი საქმეების ფასი. ეს ხალხი „ენჯეოშნიკები“ იყვნენ და ის ორგანიზაციაც – “ენჯეო.”
ამას იმიტომ ვწერ, რომ ბოლო დროს ხშირად ისმის კრიტიკა, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ბოლოდროინდელ კვლევებსა და გამოკითხვებშიც გამოჩნდა საზოგადოების უნდობლობა მათ მიმართ. ამ უნდობლობას სამი რამ ასაზრდოებს: პოლიტიკის ცუდი იმიჯი, არასამთავრობოების როლის არცოდნა და ანტიდემოკრატიული პროპაგანდა. ყოველდღიურ ენაზე ეს იმ კრიტიკით გამოიხატება, რომ თითქოს ამ ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნები აქვთ (და რომ ეს ცუდია); რომ ეს ორგანიზაციები “გრანტიჭამიებია“ და რომ ისინი საერთაშორისო შეთქმულების მონაწილენი არიან საქართველოს წინააღმდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზება და მათი ინტერესების რეალიზება არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების ან, მით უმეტეს, ცალკეული ლიდერების საქმე. შეიძლება სულაც არ მსურდეს ვიყო არჩეული მმართველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს, როგორ ხარჯავს ქალაქის ბიუჯეტს მისი მერი; ვიღაცას შეიძლება არ აინტერესებდეს არჩევნების მოგება, მაგრამ არ სურდეს, რომ მისი საარჩევნო ბიულეტენი დაიკარგოს; ვიღაცას ნაკლებად აინტერესებს ეკონომიკურ ფორუმზე დასწრება კვირა დილით, რადგან ურჩევნია ეკლესიაში ქადაგებას მოუსმინოს. პირველ, მეორე, და მესამე საქმესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებული ჯგუფები და ორგანიზაციები, იგივე „ენჯეოები“ აკეთებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ ექნებათ და არც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი მთელი საზოგადოების სახელით საუბრობენ ან მათ უფრო მაღალი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე, მაგალითად, თუნდაც არაპოპულარულ, მაგრამ მაინც არჩეულ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობოებს უნიკალური და მნიშვნელოვანი მისია აქვთ: ისინი ახდენენ საერთო ხედვების მქონე ადამიანების გაერთიანებას და მათი მსოფლმხედველობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ორგანიზებულ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში რეალიზაციას. ფართო გაგებით, პოლიტიკური პარტიები და რელიგიური ორგანიზაციებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან, ისინიც არასამთავრობო ორგანიზაციებია. უფრო გავრცელებული დეფინიციით, არასამთავრობო ორგანიზაცია არამომგებიანი ორგანიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში გაწევრიანებულ ადამიანებს ამოძრავებთ არა ფინანსური მოგების ან ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არამედ სხვა, უფრო გრძელვადიანი ამოცანები: მაგალითად, დემოკრატიული ტრადიციის გაძლიერება ქვეყანაში, ან გამონაბოლქვის შემცირება ქალაქებში. ასეთი ორგანიზაციები იმით განსხვავდებიან პარტიებისგან, რომ ნაკლებად არიან დამოკიდებულნი საარჩევნო ციკლებზე და, შესაბამისად, საკითხებზე უფრო გრძელვადიანად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ.
ჩვენს სინამდვილეში პრობლემა ის კი არ არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკასთან ახლოს არიან, არამედ ის, რომ ისინი პოლიტიკასთან საკმარისად ახლოს არ არიან. იმისთვის, რომ მაგალითად, განსხვავებული/შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა ინტერესები დაცული იყოს. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მიღება. ამისათვის კი პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია, არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.
პოლიტიკური მიზნების ქონა სრულიად მისაღები ამოცანაა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. მაგალითისთვის, ბიუჯეტის იმგვარად დაგეგმვა, რომ მეტი ფული დაიხარჯოს პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის დარგში და არა ახალი ავტომობილების შეძენაზე რომელიმე ქალაქის მერიის აპარატისთვის. პოლიტიკური ამოცანაა, რომელიც სავსებით სამართლიანად შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, იმერეთის ფერმერთა გაერთიანებას. მეორეს მხრივ, ასეთი კავშირები პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ გაიგონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები და მოთხოვნები და უკეთ ასახონ ისინი პოლიტიკურ პროგრამებსა თუ გადაწყვეტილებებში. „ენეჯეოები“ და „ენჯეოშნიკები“ ერთ-ერთი კრიტიკული რგოლია საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის კავშირის ჯაჭვში. პრობლემა არასამთავრობოებში კი არ არის, პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკა მიიჩნევა ბინძურ საქმედ. მაგრამ ამ პრობლემის სათავე „ენჯეოშნიკებში“ კი არა, პოლიტიკოსებში უნდა ვეძებოთ.
საგრანტო დაფინანსება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ბუნებრივია, რომ ყველა საქმე ვერ იქნება ფინანსურად მომგებიანი. არსებობენ ნაკლებად გავლენიანი ჯგუფები, რომლებსაც იმდენად კარგად არ მიუწვდებათ ხელი პოლიტიკაზე ზეგავლენის ბერკეტებზე, როგორც, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც საბიუჯეტო გრანტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო მიმღებია ამ ქვეყანაში. მაგრამ ის, რომ ვიღაც სუსტია, სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ინტერესები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასე ხომ ისეთ საზოგადოებას მივიღებთ, სადაც ძლიერი ყოველთვის მართალია.
გარდა ამისა, გაბატონებულ ჯგუფებს, რომლებიც ხშირად არქაულ სტერეოტიპებს ეფუძნებიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად თუ მისი განხორციელებისას, შესაძლოა საერთოდაც არ აინტერესებდეთ განსხვავებული ინტერესების ასახვა პოლიტიკაში. მაგალითისთვის, დიდწილად სწორედაც რომ უცხოური დაფინანსების შედეგია ის, რომ დღევანდელ საქართველოში ასე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ქალთა უფლებებზე და მათ მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე. ეს, ამდენად მნიშვნელოვანი თემა, სწორედაც რომ საერთაშორისო დაფინანსების გამცემი ორგანიზაციების და მათი მიმღები რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობოსა თუ ცალკეული „ენჯეოშნიკი“ აქტივისტის იმედზე იყო, სანამ ბოლოს და ბოლოს მართლაც გახდა სერიოზული, ფართო დისკუსიის საგანი.
მნიშვნელოვანი საკითხია დაფინანსების, მისიისა და პროგრამების გამჭვირვალობა. დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური და პროგრამული ინფორმაცია ადვილი ხელმისაწვდომია, თუმცა ხშირად ვერსად მოიძიებთ მსგავს ინფორმაციას ისეთი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ათასგვარი ქველმოქმედების მოტივით უამრავ ფულს აგროვებენ, ანგარიშს კი არავის აბარებენ (სკეპტიკოსებს შეუძლიათ თავად ესტუმრონ მათ ვებ-გვერდებს და სცადონ). სწორედ ეს არის პასუხი „შეთქმულების კრიტიკაზე“ – ის, თუ რა მიზნებს ხმარდება დემოკრატიული ქვეყნების საგარეო დაფინანსება საქართველოში, ადვილი გასარკვევია, თუკი ვინმე ამაში დროს დახარჯავს.
მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებისას, ის არის, გვექნებოდა თუ არა უკეთესი ქვეყანა მათ გარეშე. მე პირადად ასე არ მგონია და ახლა, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე, მიხარია, რომ 90-იანების გაავებულ თბილისში არსებობდნენ ისეთი არასამთავრობოები, რომელთაც შეეძლოთ იმედგაცრუებული ახალგაზრდებისთვის ამ იმედების დაბრუნება. ასე რომ, ვისაც არ მოგწონთ უკვე არსებული „ენჯეოები,“ მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ: შექმენით ახლები, რომლებიც მათზე უკეთესი იქნება.