ჯილდო ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის განვითარებისთვის

26.10.2018

24-27 ოქტომბერს იტალიაში, ქ. რომში პალიატიური მზრუნველობის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციზე ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე საქართველოში ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის განვითარებისა და საუკეთესო მოკლე დოკუმენტური ფილმისთვის „მე ანანო ვარ” დააჯილდოვეს. საერთაშორისო კონგრესში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 400 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დოკუმენტურ ფილმში მთხრობელი ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა” ბენეფიციარი 15 წლის ანანოა. 1 წუთიანი ვიდეორგოლი ეფექტურად გადმოსცემს ბენეფიციარების ჰოსპისში ცხოვრების გამოცდილებას და მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

 

 

“ციცინათელების ქვეყანა” ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის ცენტრია, რომელიც საქართველოში 2017 წლის იანვარში გაიხსნა.

ფონდის წარმომადგენლის, ნინო კიკნაძის დაჯილდოვების ცერემონია

ჰოსპისში უფასოდემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის არის შესაძლებელი, პარალელურად ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შინ ზრუნვის სამსახური ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მომსახურე პერსონალისკვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, ინტერიერის და საწოლების რაოდენობის მიხედვით. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის„სალამურას თავგადასავალის” მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება და გარემო, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.

ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის, მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ღია საზოგადოების ფონდი.