22-25 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათი ოჯახებისა და მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სამ დღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე “ამბის თხრობა”.
ტრენინგს უძღვებოდნენ ამერიკული ორგანიზაციის Narativ წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანია ამბის თხრობის ტექნიკის დახვეწა და გამოცდილების გაზიარება საზოგადოებისგან გარიყულ ან სტიგმის მატარებელ ჯგუფებს შორის.
ტრენინგს ესწრებოდნენ ფსიქიკური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარების მშობლები, მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზის მქონე ადამიანები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ისტორიები გაუზიარეს და ისწავლეს ამბის თხრობა იმგვარად, რომ ისინი შთაგონების წყაროდ იქცეს სხვა, მათივე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის.
ტრენინგის რამდენიმე მონაწილის ამბავს წარმოგიდგენთ ვიდეოკრებულში “ჩემი ამბავი”.