საქართველოში ათასობით პაციენტი მწვავე ტკივილით იტანჯება

11.12.2018

საქართველოში ქრონიკული ტკივილით ათასობით პაციენტი იტანჯება. 2016 წლის მონაცემებით პაციენტების 84 პროცენტს არ გაუყუჩდა ტკივილი. კერძოდ,  16200 პაციენტს არ ჰქონდა წვდომა ესენციურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტზე.

ტვ იმედის გადაცემა “იმედის დღე”  საქართველოში ტკივილის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემას ეძღვნება.

გადაცემის სტუმრები არიან ტკივილის გამოცდილების მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები, ტკივილის მართვის ექსპერტები, ღია საზოგადოების ფონდის  წარმომადგენელი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პალიატიური მზრუნველობის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

“პაციენტებს არ უნდა გამოჩნდნენ “წუწუნა” პაციენტებად. ამიტომ, ერიდებიან დაჩივლებას. გარდა ამისა, ხშირად მოგვისმენია ასეთი ფრაზები “კარგი რა, ვაჟკაცი ხარ, მოითმინე ცოტა”-ფატი ძოწენიძე, ტკივილის მართვის ექსპერტი

“კანონმდებლობა არის მოძველებული და ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს ტკივილს, როგორც ტერმინს. შესაბამისად, არ არსებობს ტკივილის დეფინიცია, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს. ამის შედეგად, პაციენტები ქრონიკული ტკივილით იტანჯებიან და ტკივილგამაყუჩებლებს მხოლოდ ტერმინალურ სტადიაზე იღებენ.”-ნინო კიკნაძე, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი

“21-ე საუკუნეში არ არსებობს ტკივილი, რომლის გაყუჩებაც არ შეიძლება”… პასუხი მთავარ კითხვაზე “უნდა მოვითმინოთ თუ არა ტკივილი”, ონკოლოგი თამარ რუხაძე  მოკლედ პასუხობს “არა”.