საპროტესტო აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

21.01.2019

21 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია “მართლმსაჯულების გადასარჩენად” გაიმართა. აქცია, ბოლო პერიოდში უზენაეს სასამართლოში კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხს უკავშირდება. პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ რატი ამაღლობელმა მოქალაქეთა მანიფესტი წაიკითხა, რომლის მიხედვით სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლების ერთადერთი გამოსავალი  იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისა და სხვა მოსამართლეების თანამდებობიდან გადადგომაა.

“სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი. ხალხის პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პარლამენტში განსახილველად კი წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მიერ არის შედგენილი. საზოგადოებას კარგად ახსოვს და გამოუცდია პოლიტიზებული, კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა, რომლის მძიმე შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.”-ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში. |

მანიფესტი ღიაა ხელმოწერებისთვის.

საპროტესტო აქცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა.

რატი ამაღლობელი მანიფესტს კითხულობს: