ტკივილის გაყუჩება რომ თითოეული პაციენტის უფლებაა, პაციენტების უმეტესობისთვისაც კი უცნობია. ტკივილის მართვასთან დაკავშირებით გავრცელებული მითების, ჯანდაცვის სპეციალისტების გაუთვიცნობიერებულობისა და ტკივილის მართვის სისტემის არარსებობის გამო, ათასობით პაციენტი ტკივილისგან იტანჯება-იქნება ეს ქრონიკული დაავადებით თუ ერთჯერადი ტრავმით გამოწვეული განცდა. ტკივილის მართვა არ ეფუძნება პაციენტის ტკივილის ინტენსივობას ან მის ხანგრძლივობას და სრულიად არ ითვალისწინებს მის გავლენას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
ტკივილის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გასაცნობად, 9-10 თებერვალს პროექტის „დაინახე ჩემი ტკივილი“ ფარგლებში ტელევიზიის, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას უძღვებოდა ტკივილის მართვისა და პალიატიური მზრუნველობის ექსპერტი ფატი ძოწენიძე, რომელმაც ჟურნალისტებს ტკივილის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნის პრაქტიკა გააცნო.
„ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა მხოლოდ უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე განიხილება. რეცეპტის საფუძველზე ოპიოიდების ყიდვა შეუძლებელია ჩვეულებრივ აფთიაქში. მათი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პოლიციის შენობაში განთავსებული სპეციალური „აფთიაქებიდან“ ისიც მხოლოდ კვირაში ორ დღეს. ასეთი სისტემა არ არის მორგებული პაციენტის საჭიროებაზე; შეუძლებელია ტკივილის გაყუჩება ან დოზის კორექცია, თუ ეს დღე არ ემთხვევა ამ „სპეციალური გაცემის დღეს“, „სპეციალური აფთიაქებიდან“- აღნიშნა ფატი ძოწენიძემ.
საქართველოს კანონმდებლობა არ განიხილავს ოპიოდების გამოყენებას ტკივილის მართვის მიზნით.