საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი 2019 წელს 28 %-ია. მერიების საშუალო შედეგია-25%, ხოლო საკრებულოების კი 31%.
2019 წლის 2 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეები დააჯილდოვეს.
2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდნენ რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა შეფასებამ (87%), რაც საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის. შედეგად, მუნიციპალიტეტთან ერთად ლაგოდეხის საკრებულოც დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.
რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ახალქალაქის (6%), ნინოწმინდის (7%), ასპინძის (7%), ადიგენის (8%) და სამტრედიის (9%) მუნიციპალიტეტები. ვერც ერთმა მათგანმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.
„აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შედეგებთან შედარებით, გაუმჯობესდა თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი. თუმცა, საერთო სურათი კვლავ არადამაკმაყოფილებელია – საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტის ღიაობის მაჩვენებელი 61%-ია. ვფიქრობ, გადამწყვეტია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პრინციპული და გააზრებული დამოკიდებულება გასატარებელი ცვლილებებისადმი.“– აღნიშნა ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
CTC-ის ექსპერტი, გიორგი ტოკლიკიშვილი: „2019 წლის შეფასების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს. ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ფიქსირდება. თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა კანონისმიერი ვალდებულებაა, 11 მუნიციპალიტეტში ისინი დღემდე არ შექმნილა.“
IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ძირითად ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ „ინდექსის სამივე თემატური ბლოკის (ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება) მიმართულებით თითქმის პროპორციული 6-7 პროცენტიანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.“
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ: ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. 2017 და 2019 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი by OSGF on Scribd