ღია საზოგადოება საქართველო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

08.07.2019

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 20 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხს.

საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებისა და ამ სისტემაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გადაწყდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ალტერნატიული პროცესის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული/ნომინირებული 20 კანდიდატის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, რის საფუძველზეც თითოეულ კანდიდატზე  შეიქმნება დოკუმენტი (ე.წ. პორტფოლიო), რომელიც წარდგნება საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და მათი დანიშვნის პროცესის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამ ინტერესის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტს ჰქონდა გაცხადებული პოზიცია, რომ კანდიდატთა შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და დანიშვნის საკანონმდებლო პროცედურა იქნებოდა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მიუხედავად ამისა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეზღუდათ კანდიდატთა მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ ინფორმაციაზე წვდომა. საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პროცესის გამჭვირვალობას, ღიაობას და თითოეული კანდიდატისადმი ნდობას.

პროცესის შედეგად შერჩეული მოსამართლეები, საქართველოს სახელით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განახორციელებენ მართლმსაჯულებას უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, გადამწყვეტია, რომ როგორც პროცესს ასევე, თითოეულ კანდიდატს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან ნდობა და არ არსებობდეს კითხვები კანდიდატის კეთილსინდისიერებისა თუ პროფესიონალიზმის მიმართ.

ალტერნატიული ინფორმაციის დამუშავება ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის წევრების დამატებით ინფორმირებას ასარჩევი კანდიდატის შესახებ, მეორე მხრივ კი, ფართო საზოგადოებისთვის თითოეული კანდიდატის გამოცდილების, მისი მიღწევების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

კანდიდატთა ნაწილმა უკვე იხელმძღვანელა მაღალი სტანდარტით და გამოთქვა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის ინფორმაციისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოწოდების სურვილი. თუმცა, პროექტის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ყველა კანდიდატი აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვებას და თითოეულ მათგანზე სრული და ამომწურავი ბიოგრაფიის შექმნას.

შესაბამისად, ფონდი მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატს, გამოავლინოს მაღალი პროფესიული სტანდარტი და მოგვაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი და საჭიროა, კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შესაფასებლად.