ჯანდაცვის უფლების, სოციალური დახმარებაზე ხელმისაწვდომობის, საკუთრების უფლების დარღვევის და უთანასწორობის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ყველაზე ხშირად იურიდიული დახმარება ესაჭიროებათ. ღია საზოგადოების ფონდმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უკვე ერთი წელია დაიწყეს უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ამ პერიოდში, პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციურმა, მაღალანაზღაურებადმა ადვოკატებმა უფასო იურიდიული დახმარება 30-ზე მეტ ბენეფიციარს შესთავაზეს.
9 ივლისს, ქართული ადვოკატურის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობის შესახებ სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციის პარალელურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრის – „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა.
“ღია საზოგადოების ფონდი 10 წელზე მეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საკითხებზე მუშაობს და საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პრაქტიკულად, ვერ ხერხდება ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის მისადაგება საერთაშორისო კონვენციასთან. დღესაც დგას ამ ადამიანების დასაქმების პრობლემა, ხელმისაწვდომობა სამართლებრივ მომსახურებაზე, რაც მათ ყოველ ნაბიჯზე ესაჭიროებათ უთანასწორობის პირობებში. მათ მუდმივად უწევთ ბრძოლა საკუთრების უფლებისთვის, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლებისთვის. მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა და ამ ადამიანების შესაძლებლობების გამოყენება ქვეყნის განვითარების პროცესში”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი.
„სოციალური თერაპიის სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. თერაპიულ სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 55 პირი საქმიანობს და ჩართულია სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სულ 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, ხელოვნების, მეორადი ქაღალდების და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ.
ცენტრს 2018 წელს ფინანსური პრობლემები შეექმნა და დახურვის საფრთხის წინაშეა.