წინამდებარე ანგარიში მომზადდა ღია საზოგადოება ფონდის დაფინანსებით და მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო სამართლიანობა, წამების მსხვერპლთა ფსიქო- სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეიძლება, ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ აგებს პასუხს ანგარიშის შინაარსზე.
ჩვენ ვართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს და საერთაშორისო კოალიციების წევრები და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩართულები ვართ საერთაშორისო მართლმსაჯულების საკითხებში.
ამ სფეროში ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი მოიცავს 2008 წლის კონფლიქტს საქართველოს, რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ – ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის. კონფლიქტის შემდეგ ათასობით დაზარალებულს გავუწიეთ იურიდიული დახმარება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია თბილისის და რეგიონული ოფისების მეშვეობით; აგრეთვე მოვახდინეთ კონფლიქტის დროს ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დოკუმენტირება. ეს დოკუმენტაცია შეკრებილია ანგარიშში „აგვისტოს ნანგრევებში“, რომელიც 2009 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაეგზავნა.
ჩვენ რეგულარულად ვუჭერდით მხარს 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა, სამართლიანობის აღდგენის მიზნით აქტიური ძალისხმევა გავწიეთ დაზარალებულთათვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. ადგილობრივ დონეზე მცდელობა ნაკლებად ქმედითი გამოდგა, რადგან ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიება საქართველოსა და რუსეთში წარუმატებელი აღმოჩნდა შესაძლო დამნაშავეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უუნარობის ანდა პოლიტიკური ნების არქონის გამო. რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, ათასზე მეტი დაზარალებულის სახელით, ასობით საჩივარია შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.