ვის ეკუთვნის საქართველო

09.12.2019

წიგნი სათაურით „ვის ეკუთვნოდა საქართველო“ პირველად 2012 წელს გამოიცა და საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძირითად მოთამაშეებს და მმართველ პარტიასთან მათ კავშირებს ეძღვნებოდა. წიგნის მთავარი თემა პოლიტიკისა და ბიზნესის გადაკვეთა იყო – იმ საფრთხეებთან ერთად, რომლებსაც ასეთი გადაკვეთა უქმნიდა, ერთი მხრივ, საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას კერძო სექტორში.

პირველი წიგნის გამოცემიდან შვიდი წლის თავზე ეს საფრთხეები არათუ არ გამქრალან, არამედ სრულიად ახალი განზომილება შეიძინეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად. ცხადია, რომ ვითარება, როდესაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იმავდროულად მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, ახალი ტიპის გამოწვევაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და მისი საკვანძო ინსტიტუტებისთვის. რა შედეგები აქვს ძალაუფლების ამგვარ კონსოლიდაციას სასამართლოსთვის, სამართალდამცავი სისტემისთვის ან მედიისთვის? როგორ აისახება ის საარჩევნო პროცესზე? რა გავლენას ახდენს ის მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და როგორ ცვლის მათ უშუალო საცხოვრებელ გარემოს?

ამ წიგნის გამოცემა არის მცდელობა პასუხისა ამ და ზოგიერთ სხვა კითხვაზე. წიგნში მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია ფაქტებით და წყაროებით. ეს მასალა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნიკო ნერგაძემ გააერთიანა და ნოველისეული თხრობით შემოგვთავაზა.

წიგნი გამოსცა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ვის ეკუთვნის საქართველო by OSGF on Scribd

ჩამოტვირთეთ წიგნი.