ლიკა ჯალაღანია, მარტი, 2020. ფოტო: დავით კუხალაშვილი
უსახლკარობა ჩვენი ყურადღების საგანი ფაქტის წინაშე დადგომის შემდგომ ხდება, როცა სახლი დაკარგულია, ოჯახი – „გამოსახლებული“, და ჩვენს რეალობაში „შეჭრილის“ იარლიყით „შემოჭრილი“, ომს შეწირული დევნილი ოჯახი კი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი. ამ წერილის მიზანი უსახლკარობის გარდაუვალი ისტორიის ამობრუნება და მისი არა ბოლოდან, არამედ თავიდან დაწყებაა, რამაც, უსახლკარობაზე უფრო ადრე, ადამიანებისა და სახლის ურთიერთმიმართების ისეთ ნიუანსებზე უნდა დაგვაფიქროს, რომლებიც დაკარგულისა და დანაკარგების რეალურ და ადამიანურ ღირებულებებს აღწერს.
ეს ბლოგი ქვიარ ჯგუფებზეა, რომელთა „გამოსახლების“ ისტორიაც, უსახლკარობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, სახლიდან და ოჯახიდან ერთდროულად იწყება.
ამ გარდაუვალობის უკან გადახვევა იმისთვის გვჭირდება, რომ უკეთ ჩავიხედოთ უსახლკარობის ცალკეული მიზეზების ფორმირების პროცესში, რომელთაც, გარდა მატერიალურისა, ოჯახის წევრთან გაიგივებული სირცხვილი და მიუღებლობა შეიძლება ედოს საფუძვლად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ხატად შექმნილი ოჯახი ზედმიწევნით იმეორებს ჩვენი საზოგადოების „აუტსაიდერების“ მიმართ უგულებელყოფის არსებულ მიდგომებს და, ავტოიმუნური დაავადების მსგავსად, საკუთარ თავს ებრძვის. ჩემი საამბობის გმირთა ნაწილისთვის კი უგულებელყოფა ოჯახს მიკუთვნებულობისა და, ხშირად, ამ იდენტობის დაკარგვის, ღირსების შელახვის ტოლფასია. ამას ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაზე მეტად განიცდიან, რადგან ვინც საკუთარი ორიენტაციისა თუ გენდერული თვითაღქმის გამო ტოტალურ დავიწყებას მიეცემა, ის აღარც ვინმეს ზრუნვის ობიექტი იქნება. ემოციური საყრდენი, თუკი ის მანამდე გააჩნდა, ეცლება, მისი თვითგანვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობები კი ფერხდება და ხშირად შეუქცევლადაც.
აღნიშნული ბლოგი და მასში მოყვანილი დასკვნები უსახლკარობის გამოცდილების მქონე ქვიარ ადამიანების მონაყოლს ეფუძნება. მართალია ბლოგს არ აქვს პრეტენზია მასში მოყვანილი დასკვნების უნივერსალურობასა ან უპირობობაზე, მაგრამ ის, სულ მცირე, ცდილობს ქვიარ ადამიანთა ნაწილისთვის მაინც საერთო შიშები უფრო ცხადი და ხელშესახები გახადოს.
ამ ბლოგის რესპოდენტებს, რომელთა განსხვავებული გამოცდილებები ძირითადად ოჯახის მხრიდან უგულებელყოფისა და შესაძლო ძალადობის შიშს უკავშირდება, საერთო საჭიროება ერთი აქვთ – სახლის განცდა, როგორც ჩაუნაცვლებელი ემოციური თავშესაფრისა, რომელიც გიღებს ისეთს როგორიც ხარ და ამ უპირობო სიყვარულით მუდმივ მხარდაჭერას გიცხადებს.
„ჩვენ ხომ გვჭირდება მიკუთვნებულობის და მიჯაჭვულობის განცდა გვქონდეს ვიღაცასთან და რაღაცასთან. ადამიანებს რომლებსაც აქვთ „შინ“, თუნდაც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, ეს განცდა შეიძლება მაინც ჰქონდეთ, რომ [სახლში] ადამიანები ან სხვა რამ საგანი დახვდებათ, და როცა ბრუნდები თავს კომფორტულად გრძნობ, თავს შინ გრძნობ… და უკეთესად ხდები…როდესაც ეს არ გაქვს, გამოგდებულობის პირობებში, უსახლკარობის პირობებში – ეს გერღვევა და მერე ცდილობ, ეს საყრდენი სხვა სივრცეებში ეძებო.“(ინტ.)
უპირობო სიყვარულის დაკარგვისა და მასთან დაკავშირებული უსახლკარობის რისკი ამ ბლოგის რესპოდენტებისთვის მუდმივი შიშისა და შფოთვის ინდივიდუალურ, თანაც საერთო წუხილად იქცევა, რა დროსაც „სახლის“ განცდა, ზოგ შემთხვევაში, სახლ-კარის დატოვებამდე ეცლებათ ხელიდან. შედეგად, ქვიარ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვის, ან „ქამინგაუთის“ შედეგად მიღებულ დაძაბულ გარემოში ცხოვრობს, „უსახლკარობას“ ჯერ კიდევ სახლში ყოფნისას განიცდიან.
„მე მგონია, რომ ყველა მაგ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, ანუ ქვიარ ადამიანებისთვის დღეს თუ არ დაგვიკარგავს ჯერ, მუდმივად არსებობს ეს საფრთხე, რომ ოჯახს დაკარგავ… შეიძლება სასამართლოში იბრძოლო ქონების შენი წილისთვის, თუკი ესეთი ქონება აქვს ოჯახს, მაგრამ ამ შემთხვევაში, გრჩება მხოლოდ სახლი და არ გრჩება „შინ“, რომელიც შენ უარს გეუბნება. მეორე ამბავი, არის, როცა ოჯახში რჩები, მაგრამ იმდენად გეზღუდება გამოხატვა, რომ შენს პერსონალურ ურთიერთობებზეც აისახება.“ (ინტ).
ამ გამოცდილებების მიხედვით, ქვიარ ადამიანებისთვის სახლს კეთილდღეობის გარანტის ფუნქცია მაშინ აქვს, როცა ის არა მხოლოდ ფიზიკურ და უსაფრთხო დასარჩენს თავაზობს, არამედ მისი ემოციური საყრდენი, მისი ცხოვრების მოწმე და მისიივე არსებობის მტკიცებულებაცაა. მხოლოდ ასე შეიძლება მივიღოთ „შინ“, რომელიც საკუთარ თავში საცხოვრებელი სივრცის ფიზიკურ, სოციალურ და სამართლებრივ განზომილებებს გააერთიანებს.
თუკი ამ ელემენტებს ცალ-ცალკე გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ქვიარ ადამიანებისთვის საცხოვრისს, უსახლკარობამდეც კი, კეთილდღეობის გარანტის ფუნქცია თითქმის არასდროს აქვს. აქ მოსვენება და საკუთარ თავად ყოფნა იშვიათად თუა შესაძლებელი ძალადობის, უგულებელყოფის ან შიშის გამო. ის ვერც თვითგამოხატვას და თვითრეპრეზენტაციას უზრუნველყოფს, და თუ რამეს ამბობს ამ ადამიანებზე, ეს არა მათი პიროვნების აღწერა, არამედ ჩაგვრის ისტორიაა.
ბლოგისთვის ჩაწერილ ინტერვიუებში, რესპოდენტებმა ვერ გაიხსენეს მათ ირგვლივ მაგალითიები იმისა, რომ ქვიარ ადამიანებმა შეინარჩუნეს სახლი, მათი იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ. როგორც აღნიშნავენ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, განსაკუთრებით კი მოზარდებში. ამ უფსკრულის გაჩენას, ხშირად, მშობლების მხრიდან შვილებისადმი აღზრდის არასწორი მეთოდების გამოყენებას ან აღზრდისთვის დროის არქონას უკავშირებენ. ასეთ დროს, საზოგადოების გავლენით გამოწვეული სირცხვილის განცდა ჯაბნის შვილის სიყვარულს და მისი გაგების მცდელობებსაც.
რესპოდენტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ კულტურულ უფსკრულს ოჯახში გაბატონებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მუდმივ საზრუნავზე ფიქრი ან/და მძიმე სამუშაო რეჟიმი წარმოშობს. აღნიშნული კი ართულებს ოჯახებს შიგნით ერთმანეთის უკეთ შეცნობის შესაძლებლობებსა და შვილის მისაღებად საჭირო ხანგრძლივი და ურთულესი სამუშაოს გაწევას (ცხადია, საუბარია ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევებზე). ასე შეიძლება ოჯახი უპირობო ბოროტებად დაისახოს, ხოლო ჯანყი, რომელიც მჩაგვრელ სისტემას უნდა უპირისპირდებოდეს, ერთადერთი მხარდამჭერის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქცეს. თუმცა, ეს დაპირისპირება გარდაუვალია. გარდაუვალია იმიტომ, რომ სისტემამ მონურ შრომასა და შინშრომაში დარჩენილ ოჯახებს/მშობლებს შვილებზე „აღმზრდელობითი ზრუნვა“ დაავიწყა, შვილებს კი ეს შრომა აუცილებელ პირობად დაუსახა. აქ დიალოგისთვის აღარც ადგილია და აღარც დრო, აქ ერთდროულად დაკარგულიც ხარ და დამკარგველიც.
რესპოდენტების გამოცდილების მიხედვით, უსახლკარობის შიშის ყველაზე მძიმე მხარე უსახლკარობის უკვე დამდგარი შედეგი, მისი რაციონალიზება და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ემოციების შეკავებაა.
„ამის გაცნობიერების შესაძლებლობაც არ მომეცა, ვერ ისვენებ, ვერ გვარდები [საკუთარ თავთან], ვერ განმარტოვდები, მიუხედავად ფიზიკური მარტოობისა და სიმშვიდე გეკარგება.“ (ინტ) „ჩემი დაგროვებული ცხოვრება… ჩემი ნაყიდი ნივთები ყველაფერი იქ დამრჩა… როცა არაფერი აღარ გაქვს, ისიც კი სტრესულია, რომ სახლში მოდიხარ და ტაფა არ გაქვს სახლში, დავდივარ და ვაგროვებ ამ ყველაფერს.. შემდეგ ხელფასზე ვიყიდი.“(ინტ)
რეალურ ცხოვრებაში უცებ „შემოგდებულებისთვის“, მოუმზადებლებისთვის, მასთან გამკლავების „უნარების“ და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არმქონე ადამიანებისთვის ეს ფაქტი უმძიმესი და რთულად გასააზრებელია. უსახლკარობის მომენტიდანვე მათი ემოციები ეკონომიკურმა რაციონალობამ უნდა გააჩუმოს, გრძნობები – პრაგმატულმა უნარ-ჩვევებმა და ლოგიკურმა აზროვნებამ. თუ კლიმატური კატასტროფის, გამოსახლების ან ომის მსხვერპლებს სახლიდან წამოსვლისას, როგორც წესი, თან მხარდამჭერი გარემო/ახლობლები მოჰყვებათ, სადაც გარე დამნაშავის წინააღმდეგ კოლექტიური ბრაზისა და ტკივილის გაერთიანება შეუძლიათ, ამ შემთხვევაში „დამნაშავეც“ უსახლკარო გამოდის და კოლექტიური ბრაზით დაზარალებულიც.
„რაღაც ტრაგედიები როდესაც კოლექტიურად განიცდება, გაცილებით ადვილი მგონია გასამკლავებლად, ხალხი გყავს გარშემო, რომლებთან ერთად გვჭირს რაღაც, და ერთად უფრო შესაძლებელია რაღაც პრობლემებთან გამკლავება, როდესაც იდენტობის ან ორიენტაციის გამო ხდები ამ ტრაგედიის მსხვერპლი, თანაგანცდა ფუფუნებაა. ძაან რთულია ქვიარობით გამოწვეული უსახლკარობა კოლექტიურ პრობლემად წარმოიდგინო.“ (ინტ.)
საკუთარი თავის ამარად დარჩენილთათვის ოჯახის ძალადობისგან თავისუფლება უსახლკარობის მუდმივი შიშისა და, ზოგჯერ, ქრონიკული სიღარიბის განაჩენია. ამ დროს ნებისმიერი გეგმა და ნაკოწიწები კეთილდღეობა მყიფე და არამყარია, რადგან ის ძლიერ მატერიალურ ბაზისს არ ეფუძნება. საკუთარი სახლის არმქონეთათვის განათლებაც კი რისკიან ნაბიჯად შეიძლება იქცეს. მუდმივი არასტაბილურობის განცდაში ცხოვრება სიკეთეების დაკარგვის ურთიერთგადაჯაჭვული წრეა – ნაქირავები სახლი სამსახურზეა დამოკიდებული, სამსახური – ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობა – გამძლეობაზე და გამძლეობა ძლიერ ემოციურ მდგრადობაზე. ემოციური მდგრადობა კი, როგორც წესი, ამ ციკლის დასაწყისშივე ეწირება ხოლმე სახლიდან არაფრის გულისთვის გამოგდებულთა თუ წამოსულ ქვიარ ადამიანთა შელახული ღირსების განცდას.
სახლი უსახლკარობაში მყიფეა. „ხელში შეიძლება შემოგეფშვნას უსახლკარობის პირობებში აგებული ცხოვრება“ (ინტ.)
მოსახლეობის „ცნობიერების ამაღლების“, „ჰომოფობიასთან ბრძოლის“ ჩვენს მიერ დაგეგმილი კამპანირებები მხოლოდ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიასთან “ ბრძოლას ემსახურება“. არადა, კულტურულ ჩაგვრას მძიმე მატერიალური შედეგიც აქვს (მათ შორის უსახლკარობის ფორმით), რომელიც სინამდვილეში არა ოჯახის, არამედ სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. სახელმწიფოს როლი, როგორც ქვიარ ისე ზოგადად პირთა დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში, სრულიად უგულებელყოფილია. შედეგად, ჩვენს რეალობაში შრომის ბაზარზე შესვლა სულ უფრო რთულდება, სასკოლო და უმაღლესი განათლება არ წარმოადგენს ბაზისური სოციალური სიკეთეებით სარგებლობის საფუძველს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვა ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა. ჩვენი ჯანყი სწორედ ამ პოლიტიკას უნდა მიემართოს, რომელიც იმ მევალესავით გვიშორებს თავიდან, რომელიც მომავალში ფულის გამოჩენის აუსრულებელ იმედადაა დარჩენილი.
სახელმწიფო და საზოგადოება, მზრუნველობისა და კეთილდღეობის სისტემების შეთავაზების ნაცვლად, ქვიარ ადამიანებისთვის პიროვნული განთავისუფლების ცარიელ ნარატივს ქადაგებს, რომელიც, ერთი მხრივ, სახლიდან გამოგდებულ, საზოგადოებისგან გარიყულ და მარტო დარჩენილ ახალგაზრდას მთავარ პასუხისმგებელთან მიმავალ გზა-კვალს ურევს, მეორე მხრივ კი, თვითგანვითარებასა და წარმატებაზე პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს მასვე აკისრებს.
თავისუფლების ეს ცარიელი ნარატივი, რომელიც დამოკიდებული ბავშვობიდან დამოუკიდებელ ზრდასრულობაში სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით გადასვლას გვთავაზობს, მხოლოდ კულტურული თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ოჯახის/ინდივიდუალური ჰომოფობების მიმართ ჯანყს ახალისებს. შედეგად კი მოზარდები მშობლებისაგან ხშირად სოციალურ, პიროვნულ ავტონომიას აღწევენ მანამ, სანამ ისინი ფინანსურ და საცხოვრებელ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. ის ქვიარ ადამიანები, რომლებსაც სახლების დატოვება ფინანსური მდგრადობის გარეშე უწევთ, პრეკარიული შრომის მუდმივი ნაწილები ხდებიან, ხოლო თვითგანვითარებასა და თავისუფლებაზე მათი ოცნება მხოლოდ კლუბების უსაფრთხო სივრცის დაბურულ ოთახებში შეიძლება განხორციელდეს.
როგორც უკვე ითქვა, ბევრი ახალგაზრდა ქვიარ ადამიანისთვის უსახლკარობა ოჯახის მხრიდან მომდინარე ძალადობისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა. რის შედეგადაც ისინი მარტოები რჩებიან ისეთ სოციალური გარემოში, სადაც სახელმწიფო მათ გვერდით არ დგას და სადაც, საკუთარი კეთილდღეობისა და სახლის ხელახალი შენებისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თავისი მევალე ჰყავს.
„როდესაც ამბობენ ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო, ალბათ იმას გულისხმობენ, რომ რაც უნდა ცუდი რამ ხდებოდეს გარეთ, შინ დაბრუნებულს გხვდება ნაგროვები, ნაკოწიწები პატარა სიკეთეები, რამაც იარები უნდა დაგიამოს შინ შესულზე. უნდა გიკარნახოს, რომ იცი რა?- ხვალინდელი დღე შეიძლება არ იყოს ისეთი ცუდი, როგორიც დღევანდელი არის… უსახლკარობის პირობებში, ასეთ სიმბოლოებს ვერ აგროვებ, ვერსად უყრი თავს, ვერ აკოწიწებ. შეიძლება წვიმას შეაფარო თავი, მაგრამ იმ ფარს ვერ მიიღებ, რომელიც გარე სამყაროს ნეგატივებისგან დაგიცავს“ (ინტ). არსებულ რეალობაში იმედის ქონა რთულია, მაგრამ უკეთესისთვის ბრძოლა შესაძლებელია, თუ ჩვენი ბრძოლის სწორ ადრესატს მივაგნებთ და საერთო სიკეთის მოსაპოვებლად მჩაგვრელ სისტემებს ჯანყით დავუპირისპირდებით. დაე, ამ ბრძოლაში ყველამ ერთად ვიპოვოთ ჩვენ-ჩვენი ციხე-სიმაგრე, რომელიც ჩვენს ამბავს მოყვება, ჩვენს უსაფრთხოებას დარაჯად დაუდგება და გვიკარნახებს – „ხვალინდელი დღე შეიძლება არ იყოს ისეთი ცუდი, როგორიც დღევანდელი არის.“
შენიშნვა: ინდივიდუალური ინტერვიუების რესპოდენტების შესახებ ინფორმაცია მათი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით არ არის მითითებული.
სხვა ბლოგები ამ სერიიდან.