წყარო: კოალიცია თანასწორობისთვის
ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის.
საქართველოში COVID-19 ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ბოლო დაინფიცირების შემთხვევის შემდეგ, მთავრობას უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოუწია და იმავე დღეს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.
ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის 51,3% ეთნიკურად ქართველია, 41,8% – აზერბაიჯანელი, 5,1% კი – სომეხი. მოსახლეობის 57,7% ცხოვრობს სასოფლო დასახლებაში, 42,5% კი საქალაქო დასახლებაში. მარნეულში მოსახლეობის უმრავლესობას 83% -ს ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენენ. ბოლნისში მოსახლეობის 63,4% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, 30, 9% – ქართველი, 5% კი – სომეხი. სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის 50,5% ეთნიკურად სომეხია, 48,3% ქართველი. მოსახლეობის 34,1% საქალაქო დასახლებაში, 65,9% კი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს. კახეთის რეგიონში მოსახლეობის 10,2% ასევე აზერბაიჯანელები შეადგენენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები განსაკუთრებით კონცენტრირებულად ცხოვრობენ გურჯაანში, ლაგოდეხში, თელავში.
სახელმწიფო განათლების სისტემაში ფუნდამენტური ჩავარდების გამო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი თემების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა მნიშვნელოვნად დაბალია. სხვადასხვა მონაცემით ის საშუალოდ 65% აღწევს. ცხადია, უმაღლესი განათლების სისტემაში მიღებული პოზიტიური მექანიზმების შემდეგ, რეალობა იცვლება და განსაკუთრებით ახალ თაობაში სახელმწიფო ენის ცოდნის პრაქტიკა პოზიტიურია, თუმცა, მთლიანობაში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი სერიოზულ გამოწვევა რჩება.
ამ ფონზე, სამწუხაროდ, ამ რეგიონებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობები და სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო ენის შესახებ კანონისა[1] და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების საპირისპიროდ[2], წლების განმავლობაში არ უზრუნველყოფენ ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ორგანიზებას და პოლიტიკური და საჯარო პლატფორმების (საკრებულოს სხდომები, მერიაში საჯარო შეხვედრების, ოფიციალური ვებ გვერდებისა და სოციალური ქსელების შინაარსის თარგმნას) თარგმნას.[3] უმცირესობებისთვის თარგმანის სათანადო რესურსები არ არის უზრუნველყოფილი სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო ორგანოების ტერიტორიულ ორგანოებსა და ონლაინ პლატფორმებზე (112, 15 05 და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე კერძო ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ინტერნეტ პლატფორმაზე უზრუნველყოფს სიახლეების მოწოდებას უმცირესობების ენაზე, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონების დიდ ნაწილში ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი, ამ რესურსით მხოლოდ ვიწრო სეგმენტი სარგებლობს. კერძო ტელე კომპანიებს კი არ აქვთ უმცირესობების ენებზე ინფორმაციის მიწოდების პოზიტიური პრაქტიკა. სუსტია ადგილობრივი და რეგიონალური საჯარო თუ კერძო მედიების დაფარვაც. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სომეხი თემის მხოლოდ 21% და აზერბაიჯანელი თემის მხოლოდ 13% იღებს ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ინფორმაციის მიღების მაჩვენებლები განსაკუთრებით მცირდება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი და სომეხი თემის (ცალ-ცალკე) მხოლოდ 29% იღებს[4].
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდულობა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული სტრუქტურული ბარიერები აფერხებს ადგილობრივი თემების პოლიტიკურ მონაწილეობას და აღრმავებს მათ სოციალურ და კულტურულ იზოლაციას, გაუცხოებას და სოციალური მოწყვლადობას. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლების განმავლობაში კრიტიკულად ვუთითებთ სახელმწიფოს შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის და ტერიტორიულ სახელმწიფო ორგანოებში ადმინისტრაციული წარმოების და სერვისების მიწოდებისთვის საჭირო თარგმანების ეფექტიანი რესურსები, თუმცა, სახელმწიფო რადიკალურად პოზიტიურ ნაბიჯებს არ დგამს.
ამ რეგიონებში მცხოვრები თემებისთვის ინფორმაციაზე და სოციალური სერვისებზე წვდომის შეზღუდულობა კრიტიკულად გამოჩნდა ვირუსის გავრცელების დონზე. სამწუხაროდ, თავის დროზე სახელმწიფომ აქტიური პოზიტიური ზომები ამ რეგიონებში ინფორმაციის გავრცელებისთვის და სოციალური დისტანციის პრაქტიკის პოპულარიზებისთვის არ მიიღო. შექმნილი კრიტიკული ვითარება ამ მიდგომების შეცვლისა და დამატებითი პოზიტიური ზომების მიღების საჭიროებას აშკარად ქმნის.
აქვე უნდა გაესვას ხაზი, სოციალურ ქსელებში ვირუსის გავრცელების ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების პრობლემას, რომელიც ვირუსის გავრცელებას კონკრეტული თემის კულტურას უკავშირებს და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ აშკარა სიძულვილს და მიუღებლობას გამოხატავს. ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი ქსენოფობიური დამოკიდებულებების გათვალისწინებით, არსებითია, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამ თანასწორობის მხარდამჭერი პოზიტიური რიტორიკის შექმნას შეუწყონ ხელი.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
საქართველოს მთავრობას
უზრუნველყოს ვირუსის და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, რომლის გავრცელებას ის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე, კერძო ტელეკომპანიების მხარდაჭერის გზით მოახდენს;
უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელ ყველა რელევანტურ უწყებებში და ონლაინ პლატფორმებში (112, 1505, Stopcov.ge, 116 001, და ა.შ) სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი კონსულტანტების დამატება და უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება;
ვირუსთან, მის პრევენციასთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი განცხადება მთავრობის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ასევე ითარგმნოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, როგორც ეს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ბრიფინგის დროს ორგანიზდა;
მთავრობის წევრებისა და სახელმწიფო წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაში გამოჩნდეს თანასწორობის მხარდამჭერი ღია გზავნილები.
მარნეულის და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობებს
შეისწავლონ მათ მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით სოფლებში არსებული საჭიროებები ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით, გამოვლენილი ინფორმაციული საჭიროებების და ხარვეზების, მთავრობასთან გააძლიერონ ინფორმაციული და საგანმანათლებლო პოლიტიკის კოორდინაცია.
საზოგადოებრივ მაუწყებელს
უზრუნველყოს ტელე ეთერში (და არა მხოლოდ ინტერნეტ პლატფორმებში) ვირუსთან, მის პრევენციასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამებისა და სხვა მნიშვნელოვანი შინაარსის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა და გავრცელება;
მიიღოს პოზიტიური ზომები თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად და ვირუსის გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლო დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განმარტებების და მიდგომების პრევენციისთვის.
კერძო ტელეკომპანიებს
მათი მედია საშუალებების დაფარვის, გავლენების და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უზრუნველყონ ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე შექმნილი მასალის აქტიური გავრცელება მათ ეთერებში
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
პლატფორმა სალამი
სოფელი კასუმლოს სათემო ცენტრი
სოფელი აღმამედლოს სათემო ცენტრი
ახალი აზროვნების ინსტიტუტი
სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
თანასწორობის მოძრაობა
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი საფარი
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ღია საზოგადოების ფონდი
[1]„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ეთნიკური უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას (მუხლი 9.3). ამავე კანონის მე-11 და 12 მუხლები ავალდებულებს სახელმწიფოს ეთნიკური უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის და მასზე გაცემული პასუხის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის უმცირესობის ენაზე თარგმნას.
[2] ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მაქსიმალურად უზრუნველყონ უმცირესობის ენის გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირს შორის.
[3] შენიშვნა ამ კუთხით რეგინების მიხედვით პრაქტიკა განსხვავებულია და სამცხე-ჯავახეთში ამგვარი მიდგომები უფრო სუსტად ჩანს.
[4] იხილეთ სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევა „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობა“, გვ 40-43. ხელმისაწვდომია აქ: https://csf.ge/en/publication/study-of-the-participation-of-ethnic-minority-representatives-in-political-life/analytical-report-issa-geo-2/